ახალი ამბები
ქუთაისში, ამომრჩეველს უცნობი პირის სახელზე გაცემული საარჩევნო ბიულეტენი მიუვიდა
FaceBook
ქუთაისში ამომრჩეველს საკუთარ მისამართზე უცნობი პირის სახელზე გაცემულ საარჩევნო ბიულეტენი მიუვიდა.

აღმაშენებლის გამზირზე #96 კორპუსში მცხოვრები მაია გუბელაძე აცხადებს, რომ ბინაზე იმ უცნობი ადამიანის ბიულეტენი მიუტანეს, ვინც მის სახლში არ ცხოვრობს.

"ბიულეტენზე არის მითითებული ჩემი მისამართი და ეს პიროვნება ვინ არის უცნობია ჩემთვის," - ამბობს მაია გუბელაძე.

ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ კონკრეტულ მისამართებზე უცნობი პირების სახელზე საარჩევნო ბიულეტენები იმ შემთხვევაში დაურიგდებათ, თუკი წარსულ წლებში მათ საცოხვრებელ ბინაში ან სალხში ჩაწერის უფლება თავად მისცეს.

"ბუნებრივია, ეს არაფერს წყვეტს. თუ პირი ფიზიკურად არ ცხოვრობს კონკრეტულ მისამართზე, ის ხმას ვერ მისცემს არჩევნების დღეს," - აცხადებს საოლქო საარჩევნო კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ია იაშვილი.

ამავე დროს კომისიაში ამბობენ, რომ ბინის მესაკუთრეს უცხო პირების ამოწერის შესახებ უფლება აქვს არჩევნების დასრულებისთანავე მიმართოს იუსტიციის სახლს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განაცხადებით, ამომრჩევლებს ერთიან სიაში საკუთარი თავის და ოჯახის წევრების გადამოწმების უფლება მიმდინარე წლის 3 ოქტომბრამდე ჰქონდათ.



Print