ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ პლანშეტური კომპიუტერების შესაძენად თანხა 19 000 ლარამდე გაზარდა
FaceBook
ქუთაისის მერიამ პლანშეტური კომპიუტერების შესაძენად ტენდერი მეორედ გამოაცხადა, ხოლო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა 2000 ლარით გაზარდა.

19 000 ლარად შეფასებული ტენდერი დღეს გამოცხადდა. სატენდერო პირობების მიხედვით, 24 ტაბლეტი განკუთვნილი იქნება მერიის სამსახურებისთვის.
ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია უზრუნველყოს ახალი (არ უნდა იყოს ექსპლოატაციაში ნამყოფი) პლანშეტური კომპიუტერების (ტაბლეტი) მოწოდება ქუთაისის მერიისათვის საკუთარი ხარჯებით, ხელშეკრულების დადებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში.
მიწოდებულ პლანშეტურ კომპიუტერებს უნდა გააჩნდეს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ISO სერტიფიკატი, რისი დამამტკიცებელი შესაბამისი ინგლისურენოვანი ან ქართულ ენაზე ოფიციალური ნათარგმნი დოკუმენტი უნდა დაერთოს ,,მიმწოდებლის" სატენდერო წინადადებას. ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია მოახდინოს რეაგირება წუნის შემთხვევაში მოთხოვნიდან 24 საათის განმავლობაში.
ქუთაისის მერიამ 24 პლანშეტური კომპიუტერის შესაძენად ერთეტაპიანი, გამარტივებული ტენდერი თავდაპირველად 15 მაისს გამოაცხადა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 17 000 ლარი იყო გათვალისწინებული. სატენდერო წინადადებების მიღება 22 მაისს დასრულდა. თუმცა, ტენდერი დასრულდა უარყოფითი შედეგით.  ტენდერში მონაწილე ერთადერთ კომპანიას შპს "ენ-ჯი-ეს ჯგუფს" ტექნიკური დოკუმენტაციიის გამო დისკვალიფიკაცია მისცეს.
ტაბლეტების შესაძენად მერიის მიერ დღეს მეორედ გამოცხადებული ტენდერისთვის წინადადებების მიღება 10 ივნისს იწყება და 12 ივნისს სრულდება. 


Print