ახალი ამბები
ქუთაისში, ადგილზე, სადაც სავაჭრო ცენტრი შენდება, სამი ხე მოჭრეს
FaceBook
ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე სამსართულიანი სავაჭრო ცენტრის მშენებლობის გამო სამი ხე მოჭრეს.

მშენებლობის მეპატრონე გიგა ისიანი ამბობს, რომ ხეები სამშენებლო ტერიტორიაზე მოხვდა და სხვა გამოსავალი არ ჰქონდა.

"შენობას ხეზე ვერ დავაშენებდი. მოიჭრა იმიტომ, რომ მოხვდა სამშენებლო ტერიტორიაზე. ამის გამო უკვე დაგვაჯარიმა ქუთაისის მერიამ და სასამართლო პროცესებია ახლაც", - ამბობს ისიანი.

მოჭრამდე ისიანმა ხეები გადაბელა. მაშინ ადგილზე მშენებლობისთვის მიწის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობდა, რა დროსაც, მისი თქმით,  ხეებს ფესვები დაუზიანდა და უსაფრთხოების მიზნით სამი ხე გადაბელა, რისთვისაც ქუთაისის მერიამ თითო ხისთვის 500 ლარით დააჯარიმა. ხეების გადბელვამდე კი ტერიტორიის შუა ნაწილში არსებული პალმის ხე სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე ამოიღეს.

მშენებლობის მეპატრონე ქუთაისიპოსტთან საუბარში არც მაშინ მალავდა, რომ გადაბელილი ხეების მოჭრასაც გეგმავდა.



ასე გამოიყურებოდა გადაბელილი ხეები მათ მოჭრამდე

ფალიაშვილის ქუჩაზე N11ა -ში მშენებლობის ნებართვა ქუთაისის მერიამ 2012 წელს გასცა. ადგილობრივმა თვითმმართველობამ ისიანს 223 კვ.მ მიწის ნაკვეთი, აღნაგობის უფლებით, 45 წლიანი იჯარით გადასცა, რისთვისაც ისიანმა წლიური თანხა 4 500 ლარი უნდა გადაიხადოს.

ადგილზე ახლა მხოლოდ ერთი, კიპარისის ხე დარჩა, რომელიც ასევე მოექცა სამშენებლო ტერიტორიაზე, მაგრამ ისიანის თქმით, მისი მოჭრა არ იგეგმება.

გარდა ქუთაისის მერიასთან სასამართლო დავისა, ისიანს სამართლებრივი პრობლემები მის მეზობლად მდებარე ობიექტის მეპატრონესთანაც აქვს, რომელიც აცხადებს, რომ სავაჭრო ცენტრის სამშენებლო ტერიტორიაზე მისი საცხობის შესასვლელი მოხვდა, რის გამოც მის ბიზნესს დახურვა ემქურება.




ამავე თემაზე:

გამქრალი სკვერი და მშენებლობას შეწირული ასწლოვანი ხეები
Print