ახალი ამბები
ქუთაისის მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების შემოწირულობები აუდიტის ანგარიშში
FaceBook
აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის შედეგების მიხედვით, სექტემბრის თვიდან დღემდე, ქუთაისში საკუთარ პარტიას თანხა მერობის მხოლოდ ერთმა კანდიდატმა, გრიგოლ ბახტაძემ შესწირა.
"პატრიოტთა ალიანსის" ქუთაისის მერობის კანდიდატმა, გრიგოლ ბახტაძემ სექტემბრის თვეში საკუთარ პარტიას თანხა სამჯერ შესწირა, რამაც ჯამში, 7 844 ლარი შეადგინა.

წინასაარჩევნო პერიოდში პარტიული შემოწირულობა უფიქსირდება  "ევროპული საქართველოს" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს. 

წინასაარჩევნო პერიოდში ამ პარტიას 3000 ლარი შესწირა საფიჩხიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ანდრო მაღლაკელიძემ. 1000-1000 ლარი შესწირეს ასევე, "ევროპულ საქართველოს",  ავტოქარხნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, მერაბ მეშველიანმა და ძელქვიანის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ელისო დათუსანმა.

საკუთარი შემომწირველი ჰყავს "ლეიბორისტულ პარტიასაც".  ვაკისუბნის მაჟორიტარობის კანდიდატმა, მირზა ბრეგაძემ საკუთარ პარტიას 700 ლარი რამდენიმე დღის წინ შესწირა.

აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2017 წლის სექტემბრის თვეში პოლიტიკური პარტიებისა და დამოუკიდებელი კანდიდატების მიერ მიღებულმა შემოწირულებებმა ჯამში 4,560,667.75 ლარი შეადგინა.

2017 წლის სექტემბერში ყველაზე მეტი შემოწირულება - 4,033,485 ლარი "ქართულმა ოცნებამ" მიიღო, მეორე ადგილზეა "ევროპული საქართველო" 335,964 ლარით, ხოლო ერთიანი ნაციონალური მოძღაობა მესამე ადგილზეა 36,136.15 ლარის შემოწირულებით.


აუდიტის სამსახურმა პარტიების 17 შემომწირველი დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით გამოკითხვაზე დაიბარა.
Print