ახალი ამბები
"გადაუდებელია ქუთაისის პარლამენტის შენობის გარე ფასადის შეღებვა" - ანრი ოხანაშვილი
FaceBook
საქართველოს პარლამენტის ქუთაისის შენობის რეკონსტრუქციისთვის 1,5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

ამ მიზნით საკანონმდებლო ორგანოში შესაბამისი კომისია უკვე შეიქმნა, რომლის თავმჯდომარე დეპუტატი ანრი ოხანაშვილი გახლავთ.

მისი თქმით, დადგემილია ქუთაისში პარლამენტის შენობის გარე პერიმეტრის მოწყობა.

"პირველადი და გადაუდებელია ქუთაისის პარლამენტის შენობის გარე ფასადის შეღებვა. იქედან გამომდინარე, რომ წყალი ჩამოდის, ფასადი დაზიანებულია. ეს გადაწყვეტილება პარლამენტის აპარატმა უკვე მიიღო და სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება," - განმარტავს ანრი ოხანაშვილი.

რაც შეეხება შენობის გარე პერიმეტრის მოწყობას, დეპუტატის ინფორმაციით, შესაბამისი სამუშაოები მომავალი წლიდან დაიწყება.

"ქუთაისის პარლამენტის ეზოში ჯერ კიდევ არ არის გათვალისწინებული ავტომანქანების სადგომები, არ არის სივრცე დახაზული. ასევე სჭირდება დრენაჟისა და დიზაინის სამუშაოების ჩატარება. გარემო შშმ პირებისთვის ადაპტირებული არ არის და ა.შ.", – განაცხადა ოხანაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ქუთაისში განსახორციელებელი პროექტებზე რა თანხა დაიხარჯება მას შემდეგ დაზუსტდება, რაც პროექტები მომზადდება და ყველა ის პროცედურა განისაზღვრება, რაც შენობის რეკონსტრუქციისთვის უნდა განხორციელდეს.

ამ დროისთვის ქუთაისში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია მოუვლელი, ინფრასტრუქტურა კი განადგურებულია. ასევე, მწყობრიდანაა გამოსული წყლის ყველა ონკანი, განადგურებულია სანაგვე ურნები და მოსასვენებელი სკამები.



Print