ახალი ამბები
"2 ლარი, სადაც უნდა გადავიხადო იქ 12-ს ვიხდი" - ქუთაისში წყლის გადასახადს აპროტესტებენ
FaceBook
ქუთაისში, აღმაშენებლის  ქუჩა #112 კორპუსის მცხოვრებლები ყოველთვიურად წყლის გადასახადზე 10-დან 15 ლარამდე დანამატის გადახდას აპროტესტებენ.

ისინი ამბობენ, რომ წელიწადნახევარია რაც მათ ეს პრობლემა აწუხებთ. მათი თქმით, ეს დანამატი წყლის ტუმბოსია, რომელიც თუ არ ჩაირთო მესამე სართულის ზემოთ არსებულ ბინებს წყალი არ მიეწოდებათ. კორპუსი სულ 13 სართულიანია. 

"ქვითარი რომ მოგვივა, ჩვეულებრივად რაც დავწერეთ და ამის მერე დამატებით 10-დან 15 ლარის დამატება გვიწევს. მაქვს გადასახდელი ქვითრით ორი ლარი და ვიხდი 10 ლარს. მატორი რომ ჩაირთვება იმის ფულს ვიხდით", - ამბობს აფხაზეთიდან დევნილი, ნატო უგრეხელიძე.

დევნილები იხსენებენ, რომ ორი წლის, როცა ბინა ჩაბარდათ, წყალი ბოლო სართულამდე ამოდიოდა, აღნიშნული პრობლემა კი, დაახლოებით, ორი თვის შემდეგ გაჩნდა.
ახალრეაბილიტირებულ კორპუსში სულ 90-მდე ოჯახი ცხოვრობს. აქედან,  კი 43-მდე იძულებით გადაადგილებული პირები არიან.

აღნიშნული გააპროტესტა "თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის წევრმა და მაჟორიტარობის კანდიდატმა, ვეფხვია მიქაუტაძემ. 

"მივმართავ ქუთაისის მერიასა და წყალმომარაგების კომპანიას, კეთილი ინებონ და უზრუნველყონ ამ კორპუსში წყლით მომარაგება, რათა ორმაგი გადასახადის გადახდა არ მოუწიოს ხალხს", - ამბობს მაჟორიტარობის კანდიდარი, ვეფხვია მიქაუტაძე. 

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ პრობლემის აღმოსაფხვრელად კომპანია უკვე მუშაობს. ტექნიკური აქტივების მართვის დეპარტამენტის უფროსის, მიხეილ თათარაძის თქმით, პრობლემის მოგვარება 2018 წლის ზაფხულისთვის მოგვარდება.

"ეს არის იმ დიდი მასშტაბური პროექტის ნაწილი, რომელიც ახლა ხორციელდება, პრობლემა 2018 წლის ზაფხულისთვის მოგვარდება. რაც შეეხება პრობლემის გამომწვევ მიზეზს, ეს ახალი გამოწვეული არ არის და ის ქალაქში არსებული ამორტიზებული და მოძველებული სისტემიდან გამომდინარე წარმოიშვა", - ამბობს მიხეილ თათარაძე.
Print