ახალი ამბები
"უცნობი" კულტურული მემკვიდრეობა და 6 დღეში შეწყვეტილი ტენდერი
FaceBook
ქუთაისის მერიამ 2017 წლის 15 სექტემბერს,  მწვანეყვავილას ქუჩაზე მდებარე "ჯავახაძის წყაროს" რეაბილიტაციისთვის 3 700 ლარიანი ტენდერი (spa 170012529) გამოაცხადა. სატენდერო პირობების თანახმად, ადგილზე ტერიტორიის მოწესრიგება და ძელსკამების დადგმა უნდა მომხდარიყო. თუმცა, ელექტრონული შესყიდვის გამოცხადებიდან ზუსტად 6  დღეში მერიამ ტენდერი შეწყვიტა.

როგორც გაირკვა, ადგილის რეაბილიტაციისთვის მერიას ძეგლთა დაცვის სააგენტოს ნებართვა სჭირდებოდა, რადგან "ჯავახაძის წყარო" კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს.

ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის უფროსი, ვლადიმერ ნაკაშიძე, რომელმაც ტენდერის შეწყვეტის თხოვნით ქუთაისის მერს მიმართა, ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობს, რომ მათ იცოდნენ, რომ წყარო ძეგლის სტატუსს ატარებდა, თუმცა, დაგეგმილი იყო არა უშუალოდ წყაროს რეაბილიტაცია, არამედ, მისი მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება.

"ვიცოდით, რომ კულტურული მემკვიდროების ძეგლი იყო, მაგრამ ჩვენ მის რეაბილიტაციას არ ვახდენდით. სამუშაოს ვასრულებდით მიმდებარე ტერიტორიაზე, თუმცა, მაინც გადაწყდა, რომ ბოლომდე დაცული ვყოფილიყავთ და მივმართეთ წერილობით სააგენტოს", - განაცხადა ვლადიმერ ნაკაშიძემ.

ქალაქის მერისთვის მიწერილ, 2017 წლით 21 სექტემბრით დათარიღებულ, წერილში კი  ნაკაშიძე წერს:

"სამსახურისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ აღიშნული ობიექტი "ჯავახაძის წყარო" წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლს და მისი მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციაც კი უნდა შეთანხმდეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან კანონის შესაბამისად, რაც ჩვენ, რა თქმა უნდა, არ განგვიხორციელებია. აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, დაავალოთ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურს, შეწყვიტოს ტენდერი", - ნათქვამია წერილში.




ვლადიმერ ნაკაშიძის თქმით, ქუთაისის მერია ახლა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსგან თანხმობას ელოდება, რის შემდეგაც "ჯავახაძის წყაროს" მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია მოხდება.

Print