ახალი ამბები
თვითმმართველობის არჩევნებისთვის 9 546 450 ბიულეტენი დაიბეჭდება
FaceBook
საარჩევნო ადმინისტრაცია საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვას იწყებს. ცესკოს მონაცემებით 9 546 450 ბიულეტენი დაიბეჭდება.

21 ოქტომბერს ამომრჩეველს საარჩევნო უბანში გადაეცემა 3 სახის ბიულეტენი:

ერთი - ცისფერი ფერის ბიულეტენი განკუთვნილია პროპორციული არჩევნებისთვის პარტიის ან საარჩევნო ბლოკის ასარჩევად.

მეორე - ვარდისფერი ბიულეტენი - საკრებულოს მაჟორიტარი წევრის ასარჩევად

მესამე - ღია მწვანე ფერის ბიულეტენი - თვითმმართველი ქალაქის ან თვითმმართველი თემის მერის ასარჩევად.

ცესკოს სპიკერის, ანა მიქელაძის ინფორმაციით, ბიულეტენები თბილისის 9 სტამბაში რამდენიმე დღის განმავლობაში დამზადდება.

მისივე ცნობით, ბეჭდვის პროცესს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებთან ერთად, 2 საერთაშორისო და 6 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 20 დამკვირვებელი დააკვირდება.

საარჩევნო ადმინისტრაცია ბიულეტენებს საოლქო საარჩევნო კომისიებს კანონით განსაზღვრულ ვადებში (არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-2 დღისა) გადასცემს. თავის მხრივ, საოლქო საარჩევნო კომისიები კენჭისყრის დაწყებამდე არაუგვიანეს 12 საათისა უზრუნველყოფენ ბიულეტენების მიწოდებას საუბნო საარჩევნო კომისიებისათვის.

ცესკოს საბოლოო მონაცემებით, 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ერთიან სიაში საერთო ჯამში 3 440 123 ამომრჩეველია რეგისტრირებული.


Print