ახალი ამბები
"რეკლამას ჩვენი პარტიის პლაკატს გადავაკრავთ" - ოპოზიციური პარტიის პროტესტი ქუთაისში
FaceBook
პარტია, "გიორგი ვაშაძე ერთობა - ახალი საქართველოს" წევრები წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალების განთავსების შესახებ კანონის უხეშ დარვევაზე საუბრობენ.

"სააგიტაციო სტენდზე კერძო კომპანიის მიერ უკანონოდ გაკრულია რეკლამა. 3 დღის წინ მერიას მივმართეთ, რომ რეაგირება მოეხდინათ და თქვეს, რომ იმ დღესვე გამოსწორდებოდა დარღვევა, თუმცა, რეკლამა სტენდზე ისევ  რჩება. ამიტომ დღეს ვაპირებთ, ჩვენი სააგიტაციო მასალით ჩავანაცვლოთ და ზუსტად იმ სტენდზე რეკლამას ჩვენი პარტიის პლაკადს გადავაკრავთ," - აცხადებს "გიორგი ვაშაძე-ერთობა-ახალი საქართველოს" ძელქვიანის მაჟორიტარობის კანდიდატი, ანა გაბუნია.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ კერძო კომპანიას გაფრთხილება უკვე მისცეს და მათ პლაკატის ჩამოხსნის ვადა 13 ოქტომბერს ეწურებათ.

"წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია დაჯარიმდება სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით," - ამბობს ქუთაისის მერიის პრესსამსახურის უფროსი, ეკა მამისეიშვილი.

სტენდი, რომელზეც განთავსებულ კერძო სასტუმროს რეკლამას ოპოზიციური პარტია აპროტესტებს, ქუთაისში თაბუკაშვილის ქუჩაზეა განთავსებული. რეკლამა თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე საცურაო აუზის მეპატრონე ბესო მიქელთაზეს ეკუთვნის. 

"რა პრობლემაა გადააკრან ბანერზე თავიანთი პლაკატი," - ამბობს ბესო მიქელთაძე.

2017 წლის 22 აგვისტოს ქუთაისის საკრებლოს მიერ მიღებული განკარგულების თანახმად, ქუთაისში 10 ადგილი გამოიყო, სადაც საარჩევნო სუბიექტებს სააგიტაციო მასალების განთავსება შეეძლოთ.

ამ დროისთვის, ოპოზიციური პარტია, "გიორგი ვაშაძე ერთობა - ახალი საქართველოს" პარტიის საარჩევნო პლაკატი ქუთაისში მხოლოდ ერთი ადგილზე, რუსთაველის ქუჩაზეა განთავსებული.
Print