ახალი ამბები
„შპს-ს არ უფუნქციონირია“ - გიორგი ჭიღვარია კომპანიაზე, რომელიც დეკლარაციაში არ მიუთითა
FaceBook
არასამთავრობო ორაგიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, "ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატი, გიორგი ჭიღვარია 2008 წელს რეგისტრირებული შპს "კოლეგიოს" მეწილეა, რომელიც ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული არ აქვს.

ჭიღვარიას თქმით, კომპანიას მისი დაარსების დღიდან არ უფუნქციონირია, თუმცა, რატომ არ მიუთითა დეკლარაციაში აღნიშნული შპს, არ განუმარტავს.

"შპს "კოლეგიო" 2008 წელს დაფუნდა, თუმცა, აღნიშნულ შპს-ს საქმიანობა არ განუხორციელებია და შესაბამისად, ანგარიშზე არც თანხის ბრუნვა ან დარიცხვა არ დაფიქსირებულა", - განუცხადა ქუთაისიპოსტს გიორგი ჭიღვარიამ.

საჯარო რეესტრის მიხედვით, შპს "კოლეგიოში" გიორგი ჭიღვარიას 34%-იანი წილი აქვს. კომპანიაში მას კიდევ ორი ბიზნესპარტნიორი ჰყავს: დირექტორი, შალვა მშვილდაძე (33%) და გივი გვეტაძე (33%).

კომპანიის საქმიანობაში მითითებულია საგანმანათლებლო ფუნქცია. საწარმოს საწესდებო კაპიტალი კი 100 ლარია. რაც შეეხება, იმას, აქვს თუ არა კომპანიას კაპიტალბრუნვა, ამ ინფორმაციას მხოლოდ შემოსავლების სამსახური ფლობს და ის საჯარო არ არის.

დეკლარაციის მიხედვით, გიორგი ჭიღვარია საკუთარ სახელზე ფლობს მიწის ნაკვეთს ქუთაისში, რუსთაველის N 67-ში, რომელიც 2007 წელს აქვს შეძენილი, მისი ოჯახის წევრები კი ფლობენ სამ საცხოვრებელ სახლს ქუთაისში, თბილისსა და სოფელ ჭრებალოში.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" იმერეთის მასშტაბით მერობის კანდიდატების და პარტიული სიების პირველი ნომრების ბიზნესსაქმიანობა შეისწავლა.
Print