ახალი ამბები
ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატობის 5-მა კანდიდატმა კანდიდატურა მოხსნა
FaceBook
არჩევნებამდე 10 დღით ადრე, ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატობის 5-მა კანდიდატმა კანდიდატურა მოხსნა.
არჩევნებში მონაწილობაზე უარი "ახალი ქრისტიან-დემოკრატების" 4-მა და კახა კუკავას პარტიის 1-მა კანდიდატმა  თქვა.

ქუთაისის N 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის თქმით, 21 ოქტომბერს  ქუთაისელი ამომრჩეველი 86-ის ნაცვლად,  არჩევანს 81 კანდიდატს შორის გააკეთებს.

გარდა ამისა, ოსეფაიშვილის თქმით,  "ახალი ქრისტან-დემოკრატების" კანდიდატების გადაწყვეტილების გამო, პარტია  რეგისტრაციიდან მოიხსნა  და ისინი საარჩევნო ბიულეტინში აღარ იქნებიან. 

"ნაცვლად 86-ისა გვყავს 81 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და ნაცვლად 15-ისა 14 საარჩევნო სუბიექტი", - განაცხადა ავთანდილ ოსეფაიშვილმა ბრიფინგზე. 

"ახალ ქრისტიან-დემოკრატებს"  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არ ეყოლება კახიანოურში, სულხან-საბას, ავტოქარხნისა და ძელქვიანის ოლქებში. 
პარტიის ქუთაისის მერობის უკვე ყოფილი კანდიდატის, გოგიტა გოგელაშვილის თქმით, რომელმაც ასევე მოხსნა კანდიდატურა, მისი პარტიის წევრების გადწყვეტილება  წინასაარჩევნო კამპანიისთვის საკმარისი ფინანსების არარსებობას უკავშირდება.

მაჟორიტარობის კანდიდატი ავტოქარხანაში არ ეყოლება არც  "დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა, დემოკრატიული მოძრაობა - ერთიან საქართველოს".  კანდიდატურა  ნუგზარ გედენიძემაც მოხსნა.  გაერთიანების ქუთაისის მერობის კანდიდატი, გოგი წულაია ამბობს, რომ გედენიძემ მიზეზებზე თავად უნდა ისაუბროს. 

"ახალი ქრისტიან-დემოკრატიული" მოძრაობის ქუთაისის მერობის კანდიდატმა, გოგიტა გოგელაშვილმა და "ტრადიციონალისტთა კავშირიდან" აკაკი ლოლომაძემ, კანდიდატურები არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მოხსნეს,  შესაბამისად, ქუთაისის მერობისთვის 10-ის ნაცვლად 8  კანდიდატი იბრძოლებს. 


ამავე თემაზე:

ქუთაისში, თვითმმართველობის არჩევნებს მერობის კიდევ ერთი კანდიდატი გამოეთიშა

ქუთაისის მერობის კანდიდატმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა


Print