ახალი ამბები
"ვსუნთქავთ არაჯანსაღ ჰაერს" - ქუთაისში საპროტესტო აქციებით იმუქრებიან
FaceBook
ქუთაისში დადიანის ქუჩაზე მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ამავე ტერიტორიაზე მდებარე ქარხნის "ჯეო ინტერპრაიზის" მუშაობას აპროტესტებენ.

როგორც ადგილობრივები ამბობენ ქარხნიდან გამონაბოლქვი ყოველდღიურად მათ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. "ყოველ დღე, დღის ან საღამოს საათებში ისეთი კვამლი დგება ხოლმე, რომ გახედვაც ჭირს. ვსუნთქავთ არაჯანსაღ ჰაერს, რაც შესაძლოა,  ჩვენი და ჩვენი ოჯახის წევრები ჯანმრთელობისთვის საზიანო აღმოჩნდეს", - ამბობს დადიანის ქუჩაზე მცხოვრები, იზოლდა გოგალაძე.

მოსახლეობა ამბობს, რომ პრობლემას ქარხნის მიერ სტანდარტების დაცვის გარეშე მუშაობა იწვევს. ადგილობრივების თქმით, სავარაუდოდ, საწარმოში არ არის დამონტაჟემული ის ფილტრები, რომლებიც გამონაბოლქვის გამოდინებას შეუშლიდა ხელს.

დადიანის ქუჩაზე მცხოვრებლები ითხოვენ, რომ მათი პრობლემით ხელისუფლების წარმომადგენლები დაინტერესდნენ და წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი საპროტესტო აქციების გაგრძელებით და ქარხანასთან მისასვლელი გზის გადაკეტვით იმუქრებიან.

"ჯეო ინტერპრაიზის" წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ მოსახლეობის ბრალდებებზე დღეს ვერანაირ განმარტებას ვერ გააკეთებენ, რადგან არასამუშაო დღეა.

"ხელმძღვანელმა პირებმა თქვეს, რომ ამ საკითხზე კომენტარს ორშაბათს, 9 სექტემბერს, გააკეთებენ", - ამბობს დაცვის სამსახურის უფროსი ლევან კაცია.

ქუთაისში, დადიანის # 88- ში მდებარე ქარხანაშო სულ სამი წარმოება მუშაობს ერთ- ერთში ე.წ. წიდას გადამუშავება ხდება.

Print