ახალი ამბები
ფოტოკონკურსის "ილო" ღონისძიება 7 ნოემბერს გაიმართება
FaceBook
საერთაშორისო ფოტოკონკურსის "ილო" ორგანიზებისთვის ქუთაისის მერიამ 2 400 ლარად შეფასებული ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ფოტოკონკურსის დასკვნითი ღონისძიება 2017 წლის 7 ნოემბერს TBC გალერეაში გაიმართება.

მასში გამარჯვებულმა გამოფენისთვის პასპარტუების დამზადება, საკონკურსო ფოტოებისა და მონაწილეთა სიგელების დაბეჭდვა ხელშეკრულების დადებიდან 2017 წლის 5 ნოემბრის ჩათვლით უნდა უზრუნველყოს.

მიმწოდებელი, ასევე, ვალდებულია კონკურსში გამარჯვებულთა პრიზები ქუთაისის მერიას 2017 წლის 6 ნოემბრის ჩათვლით მიაწოდოს.

კონკურსს ორგანიზებას ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური უწევს. ის ქუთაისელი კოლორიტის, ილო ხახიაშვილის სახელს ატარებს, რომლის ფოტოატელიეც ათწლეულების განმავლობაში ქალაქის ცხოვრების ერთგვარი მემატიანე იყო.

2011 წლიდან ტრადიციად იქცა ფოტოკონკურსში შემოსული ნამუშევრებით მომავალი წლის კალენდრის გამოცემა.

გასულ წელს ფოტოკონკურსის "ილო" გრან–პრის მფლობელი ფოტოგრაფი ირაკლი ბიგვავა გახდა. კონკურსის ფარგლებში კი 2017 წლის კალენდარი გამოიცა, რომელიც ჟურნალისტს სოფო ბობოხიძის ხსოვნას მიეძღვნა.





Print