ახალი ამბები
"ტურიზმის ზრდა გვექნება როგორც ზამთარში, ისე მომავალ წელსაც" - გიორგი კვირიკაშვილი
FaceBook
ზაფხულის ტურისტული სეზონის შედეგებზე და ტურისტების შეფასებების ანალიზის შესაბამისად, მომავალი წლის ტურისტული სეზონისთვის კიდევ უფრო უკეთ მოსამზადებელ ნაბიჯებსა და პრიორიტეტებზე იმსჯელეს სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით 3 ოქტომბერს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

პრემიერმა და მინისტრთა კაბინეტის წევრებმა განიხილეს არსებული ნაკლოვანებები და ის ცვლილებები, რომელთა განხორციელება, მომავალი წლის ტურისტული სეზონისთვის კიდევ უფრო უკეთ მოსამზადებლად, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს.

"ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ ეს ტურისტული სეზონი უპრეცედენტოდ გრძელია. პრაქტიკულად, ტურისტების ნაკადი არ გაჩერებულა. ჩვენ ვხედავთ, რომ თბილისი დღეს ისევ სავსეა ტურისტებით, გასული წლის შემოდგომასთან შედარებით, გაცილებით მეტი ტურისტი გვყავს არა მხოლოდ თბილისში, არამედ ყველა მიმართულებაზე. ზამთრის სეზონისთვის დიდწილად მზად ვართ, თუმცა, მომავალი ზაფხულის სეზონისთვის ჩვენ აუცილებლად უნდა გავაანალიზოთ ის შენიშვნები, სისუსტეები, რა მიმართულებებზე მოგვიწევს აქცენტის გაკეთება, მათ შორის - ინფრასტრუქტურაზე, მომსახურების საკითხებზე, ტრანსპორტზე, ექსკურსიამძღოლების კვალიფიკაციის საკითხზე და ა.შ. მე შევისწავლე ის შენიშვნები და კომენტარები, რომელთა სისტემატიზაციაც გავაკეთეთ და ბევრი ისეთ რამ დავინახე, რაც ახლავე დასაწყებია იმისათვის, რომ მომავალი წლის სეზონს ჩვენ კიდევ უფრო მომზადებული შევხვდეთ. ვფიქრობ, ტურიზმის ზრდა გვექნება როგორც ზამთარში, ისე - მომავალ წელსაც", - განაცხადა პრემიერმა.

შეხვედრისას ხაზგასმით აღინიშნა, რომ სახელმწიფო ორიენტირებულია სერვისების გაუმჯობესებაზე და მომსახურების დახვეწის პროცესში მაქსიმალურად ითვალისწინებს ტურისტების - სახელმწიფოს სტუმრების შეფასებებს.
Print