ახალი ამბები
ამომრჩეველთა სიაში ცვლილებების შეტანის ვადა 3 ოქტომბერს იწურება
FaceBook
მიმდინარე წლის 3 ოქტომბერი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა სიაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნის ბოლო ვადაა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაცით, ამომრჩევლებს საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმება შეუძლიათ ცესკოს ვებგვერდის voters.cec.gov.ge მობილური ტელეფონის, პლანშეტისა და მთელი ქვეყნის მასშტაბით განთავსებული 9 500 სწრაფი გადახდის აპარატის მეშვეობით შეუძლიათ.

ამომრჩეველი, სიაში მონაცემების გადამოწმებისას, ასევე მიიღებს ინფორმაციას, თუ რა მისამართზეა განთავსებული მისი საარჩევნო უბანი.

მიმდინარე წელს ამომრჩევლებს მონაცემების გადამოწმება, გარდა ანდროიდის სისტემაზე მორგებული აპლიკაციისა, უკვე iOS-ის სისტემის მობილურისა და პლანშეტის გამოყენებითაც შეუძლიათ.

ამომრჩეველთა სია ხელმისაწვდომია ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. გარდა ამისა, ადაპტირებული ვებგვერდის საშუალებით, საკუთარი მონაცემების გადამოწმება უსინათლო ამომრჩევლებსაც შეუძლიათ.

სიახლეა ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩევლებისთვისაც, რომლებიც ინფორმაციას ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში ვიდეო ზარის საშუალებით ჟესტურ ენაზე მიიღებენ და შეძლებენ გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში.

ამომრჩევლებს სიებში მონაცემების გადამოწმება საარჩევნო უბნებზეც შეუძლიათ. კანონმდებლობის შესაბამისად, ამომრჩეველთა სიის საჯარო ვერსია ყველა საარჩევნო უბანზეა გამოკრული.

გარდა ამისა, ყოველდღიურად ფუნქციონირებს ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი (2 51 00 51). ასევე, მუშაობს ონლაინ ჩათი და ონლაინ ოპერატორიც.

Print