ახალი ამბები
ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში მაჟორიტარობის ქალ კანდიდატებს მანდატები გადასცეს
FaceBook
ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სუბიექტების მაჟორიტარობის ქალ კანდიდატებს მანდატები გადასცეს.

კომისიის თავმჯდომარემ, ავთანდილ ოსეფაიშვილმა მათ მანდატები პირადად გადასცა.

"მნიშვნელოვანია ქალთა მონაწილეობა სახელმწიფოს მართვაში. ქალბატონებს კარგად შეუძლიათ გამოძებნონ კომუნიკაციის საშუალებები, კომპრომისზე წასვლა, რაც მამაკაცებს ნაკლებად ახასიათებს," - განაცხადა ავთანდილ ოსეფაიშვილმა.

მისივე თქმით, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან შედარებით, მიმდინარე წლის 21 ოქტომბრის არჩვენებისთვის ქალ მაჟორიტართა და პარტიულ სიებში ქალთა რაოდენობა გაიზარდა.

როგორც ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, წელს პარტიულ სიებში 308 კანდიდატიდან 115, პირველ ათეულში კი 55 ქალია. ასევე, 25 ქალი მაჟორიტარია.

საარჩევნო სუბიექტებიდან ყველაზე მეტი ქალი "შენების მოძრაობას" ჰყავს, რომლის პარტიულ სიაში 17 ქალია. მეორე ადგილზე 12 ქალი კანდიდატით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა". თუმცა, ენმ-ს ქალი მაჟორიტარობის კანდიდატი არ ჰავს, ისევე როგორც "გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობას", "მემარცხენე ალიანსს", "თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზას", კომუნისტებს და საარჩევნო ბლოკს "სახალხო - ხალხის ერთსულოვნებას".



Print