ახალი ამბები
"სისუფთავე არ იყოს სკოლაში ეს არის უპატიებელი" - ქუთაისში სკოლებს ამოწმებენ
FaceBook
ქუთაისის საჯარო სკოლების შემოწმება დაიწყო.
სკოლებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების  მონიტორინგს ქუთაისის საგანმანათლებლო რესურცენტრის წარმომადგენლები ახორციელებენ. 

ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ბადრი ვაშაკიძის თქმით, სკოლების მონიტორინგი მიმდინარე წლის სექტემბრიდან დაიწყო და ამდროისთვის 8 სკოლას (N 21, N22, N 2, N41, N19, N8, N5, N3 ) შემოწმდა. 

"ყველა ეს სკოლა, რომელიც დათვალიერდა, წესრიგშია. ის რომ სისუფთავე არ იყოს სკოლაში ეს არის უპატიებელი რამ, რადგან ამან შეიძლება ბევრი პრობლემა წარმოქმნას," - ამბობს ბადრი ვაშაკიძე.

მისივე თქმით, დანარჩენი სკოლების დათვალიერება ეტაპობრივად, სამუშაო პროცესის ფორმატში განხორციელდება.

"ჩვენ ვართ სამინისტროს წარმომადგენლობა ქუთაისში და მათ მიერ გაკეთებულ განცხადებას,  რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ. ამ დრომდეც მოწმდებოდა სკოლები, თუმცა განათლების მინისტრის განცხადების შემდეგ უფრო აქტიური ხასიათი მიიღო,"- ამბობს ვაშაკიძე.

იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში სანიტარულ- ჰიგიენური ნორმები არ იქნება დაცული, ამის შესახებ ინფორმაცია  განათლების სამინიტროში გადაიგზავნება.

"ასეთ შემთხვევაში დაუყონებლივ იქნება გადაწყვეტილება მიღებული შესაბამის დარღვევაზე," - ამბობს ბადრი ვაშაკიძე.

ქუთაისში სულ 38 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს.

საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჰიგიენურ-სანიტარულ ნორმებზე კოტროლი მას შემდეგ გამკაცრდა, რაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა განცხადა, რომ სასწავლო დაწესებულებებში სველი წერტილების მონიტორინგის გამკაცრების შედეგად ათობით დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხი დადგა. 


Print