ახალი ამბები
ცესკომ და ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა ქცევის კოდექსს მოაწერეს ხელი
FaceBook
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და 31-მა ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ დღეს ერთობლივ ქცევის (ეთიკის) კოდექსს მოაწერეს ხელი.
აღნიშნული დოკუმენტი 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის შემუშავდა და ის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციასა და ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციებს შორის პროფესიული და ეთიკური ნორმების დაცვის შესახებ შეთანხმებას გულისხმობს.

კოდექსზე ხელმომწერი მხარეები თანხმდებიან, რომ 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოს კანონმდებლობით, არჩევნების საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებით და აღნიშნული ქცევის კოდექსით იხელმძღვანელებენ.

"არჩევნები წარმოადგენს კომპლექსურ პროცესს, სადაც ძალიან ბევრი მხარეა წარმოდგენილი და თითოეულ მათგანს უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრება. თითოეული მათგანის მიერ კეთილსინდისიერად შესრულებული საქმიანობა, და როგორც პროფესიული, ისე ეთიკური ნორმების დაცვა, წარმოადგენს წინაპირობას, რომ საბოლოოდ არჩევნები ჩატარდეს სამართლიან გარემოში და დაიმსახუროს მეტი ნდობა. დღევანდელ ქცევის კოდექსზე ხელმოწერა ამ პროცესის კარგ მაგალითს წარმოადგენს. მინდა მადლობა გადავუხადო დღეს აქ წარმოდგენილ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს და თითოეულ თქვენგანს ამ ინიციატივის რეალიზებისთვის და მასში შეტანილი წვლილისთვის"- განაცხადა თამარ ჟვანიამ.

აღნიშნული დოკუმენტი პირველად 2016 წლის 8 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის შემუშავდა და მას ხელი მოაწერეს როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ისე 23 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელმა.

სურვილის შემთხვევაში დამკვირვებლად რეგისტრირებულ ორგანიზაციებს, ასევე აქვთ შესაძლებლობა ხელი მოაწერონ დოკუმენტს ცესკოში, რითაც ასევე გამოაცხადებენ თანხმობას იმოქმედონ ქცევის კოდექსში გაწერილი ნორმების მიხედვით.
Print