ახალი ამბები
მანდატების გადაცემაზე ქუთაისის მერობის 4 კანდიდატი არ მივიდა
FaceBook
ქუთაისის მერობის კანდიდატებს ქუთაისის #59-ე  საოლქო საარჩევნო კომისიაში მანდატები გადასცეს.

მათთვის შესაბამისი მოწმობის გადაცემა ქუთაისის მერობის მხოლოდ 6 კანდიდატს: "შენების მოძრაობა"- ალუდა გოგლიჩიძეს, "ქართული ოცნება" - გიორგი ჭიღვარიას, "ახალი ქრისტიან–დემოკრატები" - გიორგი გოგელაშვილს,  საარჩევნო ბლოკი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - გრიგოლ ვაშაძეს,  საარჩევნო ბლოკი "ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართელო" - დავით გოგისვანიძეს გადაეცა. ხოლო დანარჩენი ოთხი კანდიდატი, "ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი" -  აკაკი ლოლომაძე,  "საარჩევნო ბლოკი "დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა, დემოკრატიული მოძრაობა თავისუფალი საქართველო" - გიორგი წულაია, "პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან მოურავი–ირმა ინაშვილი" - გრიგოლ ბახტაძე და  საარჩევნო ბლოკი "გიორგი ვაშაძე ერთობა ახალი საქართველო" - ზვიად ბაღდავაძე,  მანდატების გადაცემის ცერემონიაზე არ გამოცხადდა.

ქუთაისის N59 საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს განმარტებით, მიზეზი, თუ რატომ არ გამოცხადდნენ ქუთაისის მერობის კანდიდატები მისთვის უცნობია.

"დღეს გადავეცით კანდიდატის მოწმობები მერობის კანდიდატებს, რომლებიც დარეგისტრირდნენ ქუთაისში, სამწუხაროდ შეხვედრაზე მხოლოდ 6 მათგანი მოვიდა," -  განმარტა N59 საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ავთანდილ ოსეფაიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, მანდატების გადაცემის შემდეგ, ქუთაისის მერობის კანდიდატებს, როგორც ოფიციალურად დარეგისტირებულ კანდიდატებს შეუძლიათ სრულფასოვნად აწარმოონ წინასაარჩევნო კამპანია და სხვა პროცესები, რომელიც კანონით განისაზღვრება.

"სამუშაო შეხვედრაზე ვიმყოფები თბილისში და ამიტომ ვერ დავესწარი მანდატების გადაცემას," -  განმარტა ჩვენთან საუბარში გოგი წულაიამ. ხოლო,  საარჩევნო ბლოკი "გიორგი ვაშაძე ერთობა ახალი საქართველო" ს ქუთაისის მერობის კანდიდატმა ზვიად ბაღდავაძემ განმარტა, რომ მას  მანდატების ცერემონიალზე მისვლა დააგვიანდა.  

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს ჩატარდება. 

Print