ახალი ამბები
მეუფე კალისტრატემ ქალაქის ცენტრში, ის ადგილი აკურთხა, სადაც ეკლესია აშენდება (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ტერიტორია, სადაც ეკლესია უნდა აშენდეს, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე კალისტრატემ აკურთხა.
ორსართულიანი ეკლესია ორი წმინდანის, დავით აღმაშენებლისა და ბაგრატ მესამის სახელობის იქნება.

ეკლესიის მშენებლობის პროექტის მიხედვით, ტაძარი 7000 კვ. მ.-ზე განთავსდება, ორსართულიანი ეკლესიის პირველი სართული ბაზილიკა, ხოლო მეორე გუმბათოვანი იქნება.

ტერიტორიის კურთხევას ქუთაისის მერიისა და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ეკლესის მშენებლობის პროექტი საპატრიარქომ უკვე დაამტკიცა. დოკუმენტი ასევე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოშიც განიხილეს.

"პროექტირების შემდგომ ეტაპზე მიზანშეწონილია ბაზილიკის ტიპის ტაძრის დაპროექტება ან წარმოდგენილი კორექტირებული ესკიზური ვარიანტი მაქსიმალურად შემცირდეს გაბარიტებში და გამარტივდეს მისი მხატვრულ-არქიტექტურული იერსახე", - ნათქვამია ეროვნული სააგენტოს მიერ ქუთაისის მერიის, კერძოდ, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის ბატონ ბაქარ ჭეიშვილს სახელზე გაგზავნილ წერილში.

ტაძრის პროექტის ავტორი და არქიტექტორი ანდრო მარჯანიშვილი ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ პროექტში აუცილებლად იქნება რეკომენდაციები გათვალისწინებული.

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე "მაკდონალდსის" რესტორნის უკან ორსართულიანი ტაძარი შენდება. ეკლესიის მშენებლობას მამა გიორგი შალამბერიძე უხელმძღვანელებს. მისი ინფორმაციით, მშენებლობა წელიწადსა და ექვს თვეში უნდა დასრულდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეპარქია დაჯარიმდება.


ამავე თემაზე:


ქუთაისში ცენტრალურ მოედანზე ორსართულიანი ტაძარი აშენდება

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ტაძრის მშენებლობა აგვისტოში იწყება

ქუთაისის ცენტრში ტაძრის მშენებლობის პროექტი საპატრიარქომ დაამტკიცა

Print