ახალი ამბები
აჭედილი კარი და კიბის ჩამტვრეული საფეხურები - საჯარო სკოლა იმერეთში (ფოტო)
FaceBook
ჩავარდნილი იატაკი და კიბე, დაზიანებული კედლები, ჩამოშლილი ჭერი, აჭედილი კარი - ეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიმონეთის პირველი საჯარო სკოლის სამსართულიანი შენობაა, სადაც  153 მოსწავლე სწავლობს. 

ქუთაისიპოსტს საჯარო სკოლიდან ფოტოები სოფელ სიმონეთის მკვიდრმა მოაწოდა.





სკოლაში გაუქმებული საკალასო ოთახის აჭედილი კარები


სიმონეთის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი, მევლუდ ბარდაველიძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ობიექტის რეაბილიტაციის თხოვნით, განათლების სამინისტროს დახმარებისთვის რამდენჯერმე მიმართა.

"წელიწადში რამდენჯერმე ვაგზავნით ფორმებს. დღეს, მაგალითად, ტელეფონითაც მკითხეს რესურცენტრიდან რა არის გასაკეთებელი და ჩამოვუთვალე ის საჭიროებები, რომლებიც აუცილებლად უნდა გაკეთდეს", - ამბობს მევლუდ ბარდაველიძე. მისი თქმით, ასევე, რეაბილიტაცის საჭიროებს  სკოლის ღობე, რომელიც, როგორც ბარდაველიძე ამბობს, ავტობანის გაკეთებას შეეწირა. 





სკოლის  კედელი

დირექტორის ინფორმაციით, სკოლას ნაწილობრივ რემონტი 2012 წელს ჩაუტარდა, რომლის შედეგად პირველი სართული დერეფნის კედლები, კარები, ფანჯრები, სახურავი გამოიცვალა და ასევე, გარე ფასადიც შეკეთდა.

როგორც საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტუქტურის განვითარების სააგენტოში განგვიმარტეს, აღნიშნულ სკოლას რემონტის საჭიროებასთან დაკავშირებით წერილობითი განცხადებით არ მოუმართავს. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტის, თამუნა მინდიაშვილის თქმით, მომართვის შემთხვევაში რეაგირება აუცილებლად იქნება. 

"ჩვენი მხრიდან ის რომ რეაგირება არ მომხდარა გამორიცხულია. ახლა იწყება სამოქმედო გეგმის ფორმირება და მოგვამრთოს სკოლის დირექტორმა, ან რესურცენტრმა, მერე ჩვენი სააგენტოს წარმომადგენლები ჩავლენ ადგილზე და შეისწავლიან ადგილზე სიტუაციას", - ამბობს თამუნა მინდიაშვილი. 


Print