ახალი ამბები
10 ვიდეოკამერიდან, რომელიც ტყიბულის მუნიციპალიტეტმა შეიძინა, ორი გელათსა და მოწამეთაში განთავსდება
FaceBook
ტყიბულის მუნიციპალიტეტმა 10 ვიდეო სათვალთვალო კამერა შეიძინა, რომელთაგან ორი გელათისა და მოწამეთას სამონასტრო კოპლექსთან დამონტაჟდება.
8 კამერა კი ქალაქ ტყიბულის ტერიტორიაზე განთავსდება.
ამის შესახებ ქუთაისიპოსტს ტყიბულის გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფორსმა, ალეკო ფანჩულიძემ განუმარტა.

სათვალთვალო ვიდეოკამერების შეძენაზე 35 950 ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა (CMR170142263) მუნიციპალიტეტში მიმდინარე წლის 2 აგვისტოს შედგა. 10 კამერა კომპანია "დელტა კონსალტინგმა" შეიძინა, რომელთანაც ხელშეკრულება ამავე დღეს გაფორმდა.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მსგავსად, ვიდეო სათვალთვალო კამერები იმერეთის რეგიონის დანარჩენმა მუნიციპალიტეტებმაც შინაგან საქმეთა სამინისტროს პროექტის "უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა" ფარგლებში შეიძინეს. კამერების დამონტაჟებისა და განთავსების შემდეგ მათი მოვლა-პარონობის კოორდინაციას სამინისტროს "ერთობლივი ოპერაციების ცენტრი" უზრუნველყოფს.

"მიმდინარე წლიდან უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში, რომელიც მონაწილეობას იღებს პროექტში, დაიწყება ვიდეოკამერების სამონტაჟო სამუშაოები, რომელიც სავარაუდოდ, 2018 წლის 18 აპრილამდე გასტანს. კამერების კონკრეტული ლოკაციები განისაზღვრება ადგილობირივი მუნიციპალიტეტისა და შსს-ს შესაბამისი დანაყოფების რეკომენდაციით," - აღნიშნულია წერილში, რომელიც ქუთაისიპოსტმა შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიიღო.

უწყებაში განმარტავენ, რომ ეფექტური ვიდეო სამეთვალყურეო სისტემის მოწყობა მუნიციპალიტეტებში დანაშაულის პრევენციის, საგზაო მოძრაობის და უსაფრთოების დონის ამაღლებას და სამართალდარღვევების გამოვლენას ხელს შეუწყობს.



Print