ახალი ამბები
"მე დავამკვიდრე ახალი სტანდარტი პოლიტიკაში" - ნატო ქათამაძემ სამწლიანი მუშაობა შეაჯამა
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს უპარტიო დეპუტატმა, ნატო ქათამაძემ სამწლიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა. "გამარჯვების" ოლქის მაჟორიტარმა იმ შედეგებზე ისაუბრა, რასაც, მისი თქმით, საკუთარი ძალისხმევის შედეგად მიაღწია.

ნატო ქათამაძე სამწლიან მუშაობას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ არსებული რეალობის გათვალისწინებით, როცა მას ხელისუფლება, როგორც დეპუტატს  ყველაფერში ზღუდავდა, ბევრად მეტის გაკეთება შეძლო, ვიდრე სხვა დეპუტატებმა. 

"ამ ხნის მანძილზე არც ერთი თეთრი არ წამიღია სახლში. ტექნიკაც კი არ მქონდა კაბინეტში, ხელისუფლებასთან კი მუდმივი ოპონირების რეჟიმში ვიყავი. ამის ფონზე, სხვებზე უკეთესი თუ არა, ნაკლები მაჟორიტარი ნამდვილად არ ვყოფილვარ", - განაცხადა ნატო ქათამაძემ.

მისივე თქმით, მან როგორც საკრებულოს დეპუტატმა, პოლიტიკაში ახალი სტანდარტი დაამკვიდრა, რადგან ის იყო ხელისუფლებაში მყოფი პირველი პოლიტიკოსი, რომელიც საკუთარ გუნდს აკრიტიკებდა.

"მე დავამკვიდრე ახალი სტანდარტი ქართულ პოლიტიკაში, რომ ხელისუფლებაში მყოფმა ადამიანმა შესაძლოა აკრიტიკოს საკუთარი გუნდი", - განაცხადა შეხვედრაზე დეპუტატმა.

ნატო ქათამაძის თქმით, წლების განმავლობაში ქალაქის ხელისუფლება მას  მოსახლეობისთვის პრობლემური საკითხების მოგვარების საშუალებას არ აძლევდა, ხშირად კი, მის მიერ გაკეთებულ საქმეებს საკუთარ სახელზე იწერდა. 

ასეთ მაგალითად ნატო ქათამაძემ ნიკეას ქუჩაზე სოციალური საცხოვრისის მოწყობა დაასახელა, სადაც ბენეფიციარები ბინების მიღებას ამ დრომდე ელოდებიან.

მისი თქმით, 2014 წლის არჩევნებიდან ერთ თვეში მან პირველმა დააყენა უსახლკაროებისთვის თავშესაფრის აშენების ინიციატივა და ქალაქში არსებული მიტოვებული შენობების ფოტოებიც მიუტანა მერს, თუმცა, მოგვიანებით შოთა მურღულიამ ეს ინიციატივა საკუთარ იდეად გაასაღა.

"მე ვიყავი პირველი,  ვინც ეს საკითხი წამოჭრა, ახლა კი თავს იწონებს ხელისუფლება და შოთა მურღულიას პირად დამსახურებად ითვლება სოციალური საცხოვრისის მოწყობა",-განაცხადა ნატო ქათამაძემ.

დეპუტატმა ასევე, გაიხსენა ოღასკურას პროექტი, რომლის განხორციელებასაც  იგი წლების განმავლობაში ითხოვდა და განმარტა, რომ ნაპირსამაგრი სამუშაოების 2 340 000 ლარიანი პროექტის განხორციელებას პირადად ქალაქის მერმა შეუშალა ხელი, რადგან მას ნატო ქათამაძის სახელი არ დარქმეოდა.

ნატო ქათამაძემ თავდაპირველად პოლიტიკურ გეგმებზე საუბარი დაანონსა, თუმცა, მოგვიანებით განმარტა, რომ ამ ეტაპზე არ აქვს ასეთი გეგმა და არც 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, თუმცა,  განაცხადა, რომ აქტიური პოლიტიკიდან წასვლას არ გეგმავს. 

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენას  მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. 


Print