ახალი ამბები
ევროკავშირმა შვიდ ქვეყანასთან სავიზო რეჟიმი გააუქმა
FaceBook
მოქალაქეებს ევროკავშირში უვიზოდ ყოფნა 180-დღიან პერიოდში 90 დღის განმავლობაში შეეძლებათ,


ევროკავშირმა შვიდ ქვეყანასთან - სენტ-ლუსიასთან, გრენადასთან, ვანუატუსთან, ტრინიდადი და ტობაგოსთან, დომინიკასთან, სენტ-ვინსენტი და გრენადინებთან და სამოასთან სავიზო რეჟიმი გააუქმა.
შეთანხმებას უვიზო რეჟიმის შესახებ ხელი ლატვიის ევროპის საქმეთა საკითხებში სახელმწიფო მდივანმა, ზანდა კალნინა-ლუკაშევიჩამ, ევროკომისარმა მიგრაციის საკითხებში, დიმიტრის ავრამოპულოსმა და აფრიკული, კარიბის ზღვისა და წყნარი ოკეანის შვიდი ქვეყნის წარმომადგენელმა მოაწერეს.
გავრცელებული ცნობით, სავიზო რეჟიმი მოკლევადიანი ვიზიტებისთვის უქმდება. კერძოდ, ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების მოქალაქეებს ევროკავშირში უვიზოდ ყოფნა 180-დღიან პერიოდში 90 დღის განმავლობაში შეეძლებათ, იგივე უფლებით ისარგებლებენ ევროკავშირის მოქალაქეები აღნიშნული შვიდი ქვეყნის ტერიტორიაზე.
"დღევანდელი შეთანხმება ხალხთა შორის კავშირების გაღრმავებას, ტურიზმის განვითარებას და ევროკავშირსა და შვიდ ქვეყანასთან ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს", - განაცხადა ლატვიის ევროპის საქმეთა საკითხებში სახელმწიფო მდივანმა, ზანდა კალნინა-ლუკაშევიჩამ.
უვიზო მიმოსვლა მოქმედებს ყველა კატეგორიის ადამიანისთვის და ნებისმიერი მიზნით ვიზიტზე. აღნიშნული შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილება ევროპარლამენტს გადაეგზავნება საბოლოოდ დასამტკიცებლად. 

interpressnews.ge
Print