ახალი ამბები
"ყველას არ უნდა მოესმინა თქვენი რეკლამები" - ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი დამოუკიდებელ დეპუტატს
FaceBook
„ყველას არ უნდა მოესმინა თქვენი რეკლამები,“ - ამ სიტყვებით მიმართა ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა დამოუკიდებელ დეპუტატს.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლის, გალაქტიონ ტოროშელიძის ეს რეპლიკა ნატო ქათამაძის განცხადებას მოჰყვა, რომელიც მან 19 სექტემბრის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე გააჟღერა და ჯავახიშვილის ქუჩის I შესახვევის #24 კორპუსის მოსახლეობის პრობლემას შეეხებოდა.

ყოფილი "რესპუბლიკელის" და ამდროისთვის დამოუკიდებელი დეპუტატის თქმით, ადგილობრივები უკვე 4 თვეზე მეტია სადარბოზოს კეთილმოწყობას ითხოვენ. მათ განცხადებით, ქუთაისის მერიის შესაბამის სამსახურსაც მიმართეს, სადაც პრობლემის მოგვარებას მომავალი წლისთვის დაპირდნენ.

„მაშინ როდესაც არსებობს პროგრამა „კორპუსი“, რატომ ვერ მოხერხდა ამ დრომდე ამ სადარბაზოს კეთილმოწყობა. იქნებ, მოახერხოთ, რომ წლის ბოლომდე ამ ადამიანების მოთხოვნა დააკმაყოფილოთ,“ - განაცხადა ნატო ქათამაძემ.

მის ამ გამოსვლას უმრავლესობის წარმომადგენლის, გალაქტიონ ტოროშელიძის უკმაყოფილება და რეპლიკა მოჰყვა, რის შემდეგაც განაწყენებულმა დეპუტატმა სხდომათა დარბაზი დატოვა.

„აქ კი არ უნდა ამბობდეთ მაგას, შესულიყავით ქალაქის მერთან კაბინეტში და იქ გესაუბრათ მაგ საკითხზე. ყველას არ უნდა მოესმინა თქვენი რეკლამები,“ - განაცხადა ტოროშელიძემ.

ნატო ქათამაძის განცხადებას ქუთაისის მერმაც უპასუხა. შოთა მურთღულიას თქმით, კანონმდებლობა ადგილობრივ ბიუჯეტში წინასაარჩევნო პერიოდში რაიმე სახის ცვლილების განხორციელებას ზღუდავს.



Print