ახალი ამბები
"ერთი დღით მეტს შემოვატანინებთ" - ქუთაისის მერი გათამაშების ავტომობილების განთავსებაზე
FaceBook
ქუთაისის მერიამ შპს "მარსს" სამი ავტომობილის განთავსებისთვის ცენტრალურ უბანში ტერიტორია იჯარით გადასცა.

საუბარია, "ტოიოტა პრადოს" მარკის მანქანებზე, რომელსაც ონლაინ ტოტალიზატორი "კრისტალბეთი" ათამაშებს.

მათი განთავსების საკითხი ქუთაისის საკრებულოში კენჭისყრაზე მიმდინარე წლის 19 სექტემბრის სხდომაზე გაიტანეს. თუმცა, საკანონდებლო ორგანოს ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, ავტომობილები სავაჭრო ცენტრ "გვირაბის" ტერიტორიაზე წინა დღეს, 18 სექტემბერს განთავსდა.

"კრისტალბეთმა უკვე გუშინ დააყენა მაქნანები ამ ტერიოტრიაზე და ჩვენ ახლა ვიხილავთ ამ საკითხს," - განაცხადა საკრებულოს დეპუტატმა "ნაციონალური მოძრაობიდან", ბესო ბრეგაძემ.

"ვიხილავთ იმ საკითხს, რომელსაც განხილვა არ ჭირდება,"- აღნიშნა ასევე, საკანონმდებლო ორგანოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ნატო ქათამაძემ.

ქუთაისის მერი, შოთა მურღულია კი განმარტავს, რომ, შესაძლოა "კრისტალბეთმა" ავტომობილები სატესტო რეჟიმში განათავსა. ის ირწმუნება, რომ ამ საკითხს კომპანიის წარმომადგენლებთან გაარკვევს და შესაბამისად, მათ ზედმეტი დღეებისთვის ზედმეტი თანხის გადახდას დააკისრებს.

"დიდი ვარაუდით, მათ ეს სატესტო რეჟიმში განათავსეს. თუ უსწრებს, შესაბამისად, ერთი დღით მეტს შემოვატანინებთ ბიუჯეტში," - ამბობს შოთა მურღულია.

"კრისტალბეთი" სამ ავტომობილს მიმდინარე წლის 31 დეკმბრამდე განათავსებს, რომლის  სანაცვლოდ ქუთაისის ადგილობრივ ბიუჯეტში სულ 500 ლარს გადაიხდის.

შოთა მურღულია ამბობს, რომ ეს თანხა ცოტაა, თუმცა ირწმუნება, რომ კომპანიას ქალაქის სასარგებლოდ დამატებითი პირობის შესრულებაც დაეკისრება.



Print