ახალი ამბები
პროტესტის ნიშნად ტყიბულის მეორე საჯარო სკოლის 119 მოსწავლიდან გაკვეთილებს 5 ბავშვი დაესწრო
FaceBook
ტყიბულის მეორე საჯარო სკოლაში პროტესტის გაგრძელებას აანონსებენ.

სწორედ პროტესტის ნიშნად, სკოლის 119 მოსწავლიდან საგაკვეთილო პროცესს დღეს მხოლოდ 5 ბავშვი დესწრო. მშობლების განმარტებით, ბავშვები გაკვეთილებს იქამდე არ დაესწრებიან, ვიდრე სასწავლო პროცესი დილის სმენაში არ დააბრუნებენ.

"მხოლოდ მესამე კლასის სამი მოსწავლე იყო გაკვეთილზე," - ამბობს მეორე სკოლის ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი მარეხი ბახუტაშვილი.

დღეს, 18 სექტემბერს, ტყიბულის მეორე საჯარო სკოლასთან მოსწავლეებმა და მშობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

ისინი სკოლისთვის ალტერნატიული ფართის გამოყოფას და პირველ ცვლაში საგაკვეთილო პროცესის გაგრძელებას ითხოვენ.

ტყიბულის მეორე სკოლაში ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს მშობლების პროტესტით დაიწყო და 15 სექტემბერს 100 მოსწავლე საკლასო ოთახებში არ შევიდა.

სკოლას მეორე ცვლა მას შემდეგ დაემატა, რაც ექსპერიზის შედეგად გაირკვა, რომ მეორე საჯარო სკოლის შენობა ამორტიზებულია და მოსწავლეების გადანაწილება პირველ საჯარო სკოლაში მოხდა, სადაც მოსწავლეებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ერთი დღით ადრე გააგებინეს, რომ სწავლა დღის სამი საათიდან რვა საათამდე მოუწევდათ.

სკოლის დირექტორი, მეგი ქათამაძე მშობლების მოთხოვნებთან დაკავშირებით, აცხადებდა, რომ საგანმანათლებლო რესურსცენტრთან ერთად აწარმოებდა მოლაპარაკებებს ალტერნატიული ფართის მოძიებასა და სასწავლო პროცესის დილის სმენაში დასაბრუნებლად.

თუმცა, განმარტავს, რომ პრობლემა  ამ დრომდე  მოუგვარებელი რჩება.

"ვცდილობთ ყველანაირად რომ ვიპოვოთ ფართი, თუმცა ამ ეტაპზე ყველგან უარი მივიღეთ, საუბარია მოსწავლე ახალგაზრდობის შენობაზე და ასევე მე-6 სკოლაზე," - ამბობს სკოლის დირექტორი მეგი ქათამაძე.

ტყიბულის #2-ე საჯარო სკოლაში დღეის მონაცემებით სულ 119 მოსწავლე სწავლობს.


ამავე თემაზე:


ტყიბულის მეორე სკოლაში სასწავლო პროცესი მშობლების პროტესტით დაიწყო

ტყიბულის მეორე სკოლაში სასწავლო პროცესის გასაგრძელებლად ალტერნატიული ფართს ეძებენ

ტყიბულის მეორე საჯარო სკოლასთან მშობლების და მოსწავლეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს




Print