ახალი ამბები
#59-ე საოლქო საარჩვენო კომისიამ ენმ-ს დეპუტატობის კანდიდატის საჩივრის განხილვა დასაშვებად არ ცნო
FaceBook
ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიამ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატობის კანდიდატის საჩივრის განხილვა დასაშვებად არ ცნო.

კომისიას ენმ-ს წარმომადგენელმა, ნიკა ნარსიამ მიმდინარე წლის 15 სექტემბერს მიმართა. ის "ქართული ოცნების" ნიკეას უბნის მაჟორიტარობის კანდიდატის, კახა ბოჭორიშვილის საარჩევნო კამპანიიდან მოხსნას ითხოვდა. ნარსიას საჩივარი მის მიერვე გავრცელებულ ვიდეოს ეფუძნებოდა, სადაც ერთ-ერთ შეხვედრაზე ამომრჩეველი მმართველი გუნდის მაჟორიტარობის კანდიდატს დასაქმების პრობლემაზე უსაუბრება, კახა ბოჭორიშვილი კი "სასწრაფოდ სიების გადაცემას ითხოვს".

#59 საოლქო საარჩევნო კომისიას საჩივრის განხილვის ორდღიანი ვადა ჰქონდა. თუმცა, კომისიის გადაწყვეტილებით, ავტორს ის პირდაპირ საქალაქო სასამართლოში უნდა გაესაჩივრებია.

"საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსი" 78–ე მუხლი მე-15 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის შენიშვნის შესაბამისად თქვენი განცხადება საოლქო კომისიის მიერ განხილვას არ ექვემდებარება," - აღნიშნულია კომისიის საპასუხო განცხადებაში.

თავად საჩივრის ავტორი, ნიკა ნარსია საოლქოს გადაწყვეტილების შესახებ უკმაყოფილებას გამოთქვამს და ამბობს, რომ კომისია ვალდებული იყო ის განეხილა. ენმ-ს მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, ის საქალაქო სასამართლოს იგივე საჩივრით უახლოეს დღეებში მიმართავს.

"საარჩევნო კოდექსის" მიხედვით, არჩევნებში მონაწილე სუბიექტის მიერ ამომრჩევლის დაინტერესება ფულადი სახსრებით, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის დაპირება, ამომრჩევლის მოსყიდვად ითვლება.

"საარჩევნო კოდექსის" 78-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვთ პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში (ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით საქართველოს პარლამენტის არჩევნებისას), მაჟორიტარ კანდიდატს, მერობის/გამგებლობის კანდიდატს, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, საარჩევნო კომისიას, თუ სარჩელი ეხება საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატის მიერ ზემოაღნიშნული წესის დარღვევას.






Print