ახალი ამბები
"აგური ჩამოვარდა" - წყალტუბოში დევნილთა საცხოვრებელი ინგრევა
FaceBook
წყალტუბოში ყოფილი სანატორიუმ "მეგობრობაში" მცხოვრები დევნილების ოთახებში კედლებმა ჩამონგრევა დაიწყო.

დევნილების თქმით, 17 სექტემბერს, ობიექტის ნაწილის ჩამოშლას სასწაულებრივად გადაურჩნენ.

"კედლიდან აგური ჩამოვარდა და სასწაულებრივად გადაურჩა იქვე მდგომი ადამიანი სიკვდილს. უკვე გვერნგრევა თავზე საცხოვრებელი და ყოველი დღე საფრთხეს წარმოადგენს ჩვენთვის," - ამბობს დევნილი თეონა კვანჭიანი.

ყოფილი სანატორიუმის ამორტიზებულ შენობაში მცხოვრები დევნილები ხელისუფლებისგან ყურადღებას ითხოვენ. დევნილებმა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტიზის ჩატარებისთვის მიმდინარე წლის აგვისტოში მიმართა.

დასკვნის პასუხის მიღებისთანავე, დევნილები დოკუმენტის წარდგენას დევნილთა სამინისტროში აპირებენ.

"ჩვენ დავდებთ დასკვნას რომ შენობა ნგრევადი ობიექტია და ველოდებით სამხარაულის დასკვნას, ამ დასკვნას ცხვირწინ დავუდებთ დევნილთა სამინისტროს, და იქნებ ამის შემდეგ ყურადღება მოგვაქციონ," - ამბობს დევნილი თამილა ქარდავა.

საქართველოს დევნილთა სამინისტროში აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო დადებს დასკვნას, რომ შენობაში ცხოვრება საფრთხის შეცველია, უწყება მყისიერ გადაწყვეტილებას მიიღებს.

"თუ დასკვნა დაადგენს, რომ იქ ცხოვრება საფრთხისშემცველია, ის დევნილი ოჯახები, საუბარია 16 ოჯახზე, რომელიც იქ ცხოვრობს დაკმაყოფილდება ალტერნატიული უსაფრთხო საცხოვრებელით," - ამბობს დევნილთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღბანელი, დალი გოდოლაძე.

წყალტუბოში ყოფილ სანატორიუმ "მეგობრობაში" მცხოვრები 16 დევნილი ოჯახი ნგრევად ობიექტში ცხოვრობს. 1930 - იან წლებში აშენებული შენობიდან უსაფრთხო საცხოვრებელში გადასვლას დევნილები მიმდინარე წელს ელოდნენ, თუმცა, მათი 25 წლიანი მოლოდინი არ შესრულდა და კვლავ ნანგრევებად ქცეულ ოთახებში რჩებიან.


ამავე თემაზე:

18 ოჯახი ნგრევად ობიექტში - რა პირობებში ცხოვრობენ დევნილები (ფოტო)


Print