ახალი ამბები
ტყიბულის მეორე საჯარო სკოლასთან მშობლების და მოსწავლეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
FaceBook
ამ  წუთებში ტყიბულის მეორე საჯარო სკოლასთან მოსწავლეები და მშობლები  საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი სკოლისთვის ალტერნატიული ფართის გამოყოფას და პირველ ცვლაში საგაკვეთილო პროცესის გაგრძელებას ითხოვენ.

საპროტესტო აქციის მონაწილეების თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მეორე სკოლის მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესს ისევ არ დაესწრებიან.

"ჩვენი შვილები დატოვეს ჰაერში. ჩვენთან არის ძალიან მკაცრი ზამთარი და საღამოს რვა საათამდე როგორ უნდა იარონ სკოლაში, ეს წარმოუდგენელია. ვითხოვთ პირველ სმენას და მოგვიძებნონ ფართი", - ამბობს სკოლის ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი, მარეხი ბახუტაშვილი.

ტყიბულის მეორე სკოლაში ახალი სასწავლო წელი მშობლების პროტესტით დაიწყო და 15 სექტემბერს 100 მოსწავლე საკლასო ოთახებში არ შევიდა.

სკოლას მეორე ცვლა მას შემდეგ დაემატა, რაც ექსპერიზის შედეგად გაირკვა, რომ მეორე საჯარო სკოლის შენობა ამორტიზებულია და მოსწავლეების გადანაწილება პირველ საჯარო სკოლაში მოხდა, სადაც მოსწავლეებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ერთი დღით ადრე გააგებინეს, რომ სწავლა დღის სამი საათიდან რვა საათამდე მოუწევდათ.

სკოლის მოსწავლეები და მშობლები აცხადებენ, რომ იქამდე, ვიდრე ბავშვებს დილის ცვლაში არ დააბრუნებენ, შვილებს სკოლაში არ გაუშვებენ.

სკოლის დირექტორი, მეგი ქათამაძე მშობლების მოთხოვნებთან დაკავშირებით, აცხადებდა, რომ საგანმანათლებლო რესურსცენტრთან ერთად აწარმოებდა მოლაპარაკებებს ალტერნატიული ფართის მოძიებასა და სასწავლო პროცესის დილის სმენაში დასაბრუნებლად. 

თუმცა როგორც აცხადებს, ამ დრომდე პრობლემა გადაუწყვეტელი რჩება.

"ვცდილობთ ყველანაირად რომ ვიპოვოთ ფართი, თუმცა ამ ეტაპზე ყველგან უარი მივიღეთ, საუბარია მოსწავლე ახალგაზრდობის შენობაზე და ასევე მე-6 სკოლაზე," - აცხადებს სკოლის დირექტორი მეგი ქათამაძე.

ტყიბულის #2-ე საჯარო სკოლაში დღეის მონაცემებით სულ 119 მოსწავლე სწავლობს.

ამავე თემაზე:

ყიბულის მეორე სკოლაში სასწავლო პროცესი მშობლების პროტესტით დაიწყო

ტყიბულის მეორე სკოლაში სასწავლო პროცესის გასაგრძელებლად ალტერნატიული ფართს ეძებენ






Print