ახალი ამბები
სამტრედიის საოლქო კომისიაში შეჭრის გამო "ქრისტიან-კონსერვატიული" პარტის წევრი 500 ლარით დააჯარიმეს
FaceBook
სამტრედიის N 54-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში, მიმდინარე წლის 1 სექტემბერს მომხდარი ინციდენტის გამო, სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ  "ქრისტიან კონსერვატიული" პარტიის ადგილობრივი წარმომადგენელი 500 ლარით დააჯარიმა.   სასამართლომ, ფრიდონ შენგელია, რომელიც საოლქო კომისიის წევრთა შეხვედრაზე  შეიჭრა, სამართალდამრღვევად ცნო.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, "ქრისტიან-კონსერვატიული" პარტიის წარმომადგენელი სამტრედიის ოლქში ფრიდონ შენგელია, საოლქო საარჩევნო კომისიის შენობის ფოიეში ძალისმიერი გზით შეიჭრა, (ჩაკეტილი კარის თვითნებურად გაღებით), რითაც განახორციელა კომისიის საქმიანობაში უკანონო ჩარევა და გამოიწვია მხარდამჭერთა სიების შემოწმების პროცესის შეფერხება.

ოლქის თავმჯდომარის მოადგილე, კობა სიხარულიძე ინციდენტის დროს აცხადებდა, რომ ფრიდონ შენგელიას და პარტიის სხვა წევრებს სამუშაო შეხვედრის ჩაშლა სურდათ.

ინციდენტში მონაწილე პირები კი საოლქო კომისიას სამტრედიის გამგეობასთან შეთანხმებულ მოქმედებაში ადანაშაულებდნენ და აცხადებდნენ, რომ საოქლო, საუბნო კომისიის წევრებს,  გამგეობის რეკომენდაციით ნიშნავდა, დირექტივებს კი იმ საერთო კარიდან იღებდნენ, რომელიც საოქლოსა და სამტრედიის მუნციპალიტეტს ერთმანეთისგან ჰყოფს.

სამტრედიის N 54-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში 1 სექტემბერს მომხდარი ინციდენტის შემდეგ  კომისიის წევრთა სამუშაო შეხვედრა ჩაიშალა და   ადგილზე საპატრულო პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო. ფაქტზე რეაგირებისთვის კი სასამართლოს საოლქო კომისიის თავმჯდომარემ, ნანა იმნაძემ მიმართა.  


ამავე თემაზე:

ინციდენტი სამტრედიის 54-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში




Print