ახალი ამბები
"საინტერესოა, თუ როგორ უნდა დაიწყოს და შემდეგ განვითარდეს" - შოთა მურღულია საუნივერსიტეტო ქალაქზე
FaceBook
ქუთაისის მერი, შოთა მურღულია მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტს აფასებს. მისივე თქმით, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქში პირველი შენობების მშენებლობა შესაძლოა მიმდინარე თვის ბოლოს დაიწყოს.
შოთა მურღულიას განმარტებით, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი, ფონდი "ქართუს" დაკვეთით, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტის მშენებლობაშია ჩართული.

"რომელ წელს, რომელი შენობა, სად რა უნდა აშენდეს, რომელ წელს, რომელი ფაკულტეტი გაეშვება - ძირითადად, ეს საკითხები იყო შეხვედრაზე. საინტერესო შეხვედრები იყო. ქართველმა არქიტექტორებმა მიიღეს დიდი ინფორმაცია თუ როგორ არის მიუნხენში ეს ოგრანიზებული. ჩემთვისაც ძალიან საინტერესოა, თუ როგორ უნდა დაიწყოს და შემდეგ განვითარდეს, რომ ეს ავიდეს 60 000 სტუდენტამდე. ასეთი მაგალითები მრავალი გვანახეს, რომ მცირე რაოდენობით დაწყებულა და შემდეგ სწარფად გავითარდნენ. კარგია, რომ მიუნხენის უნივერსიტეტია ამაში ჩართული იმიტომ, რომ მათ ამის დიდი გამოცდილება აქვთ," - განაცხადა ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ.

ის, ასევე, განმარტავს, რომ საუნივერსიტეტო ქალაქში პორველი შენობების მშენებლობა მიმდინარე თვის ბოლოს უნდა დაიწყოს.

ფონდი "ქართუს" პროექტების ხელმძღვანელი, ვახო ცაბაძე კი ქუთაისიპოსტთან საუბარში ჯერ კიდევ ორი თვის წინ ამბობდა, რომ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მოწყობისთვის ინტენსიური სამუშაოები, რაც კამპუსების მშენებლობას ითვალიწინებს, აგვისტოს ბოლოდან დაიწყებოდა.

თუმცა, არაშენებულ უნივერსიტეტს რექტორის მოვალეობის შემსრულებელად მიმდინარე წლის 19 ივლისს განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, თეიმურაზ მურღულია დაინიშნა.

მუხნარის ტყეში ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტის პრეზენტაცია, 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებამდე 27 დღით ადრე გაიმართა. ღონისძიებას მთავრობის ხელმძღვანელი პირების გარდა, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.

იმ დროისთვის სამშენებლო სამუშაოების დაწყებისა და დასრულების ვადები არავის დაუკონკრეტებია. მხოლოდ ის განაცხადეს, რომ უნივერსიტეტმა სტუდენტთა პირველი ნაკადი 2019 წელს უნდა მიიღოს.

პროექტზე 500 მილიონი დოლარი დაიხარჯება. უნივერსიტეტი 60 000 სტუდენტზე იქნება გათვლილი.

პროექტის მიხედვით უნივერსიტეტის კორპუსი ხუთსართულიანი იქნება. მისი სიგრძე 200 მეტრი ექნება, სიგანე კი -150.

Print