ახალი ამბები
ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისია "ოცნების" კანდიდატის წინააღმდეგ საჩივარს 2 დღეში განიხილავს
FaceBook
ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიას ქუთაისში "ქართული ოცნების" ნიკეას უბნის მაჟორიტარობის კანდიდატის წინააღმდეგ შეტანილის განცხადების განხილვისთვის ორდღიანი ვადა აქვს. 

კომისიის განცხადებით "ნაციონალური მოძრაობის" ქალაქ-მუზეუმის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ნიკა ნარსიამ მიმართა. ის კახა ბოჭორიშვილის კანდიდატურის მოხსნას ითხოვს.

საუბარია, ნიკა ნარსიას მიერვე გავრცელებულ ვიდეოზე, სადაც ამომრჩეველი მმართველი გუნდის კანდიდატს დასაქმების პრობლემაზე უსაუბრება, კახა ბოჭორიშვილი კი "სასწრაფოდ სიების გადაცემას ითხოვს".

ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი, ავთანდილ ოსეფაიშვილი აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის განცხადება ამ დრომდე არ წაუკითხავს.

"ჯერ განცხადება არ წამიკითხავს. მის განსახილველად მაქვს ორდღიანი ვადა. დღეს ტრენინგები იყო და ვერ მოვიცალე," - განაცხადა ავთანდილ ოსეფაიშვილმა.

გავრცელებულ ვიდეოს განცხადებით უპასუხეს "ქართული ოცნების" ქუთაისის ცენტრალური საარჩევნო შტაბი. პარტიის საარჩევნო შტაბში ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტს კატეგორიულად გამორიცხავენ და აცხადებენ, რომ ოპონენტები ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანას და წინასაარჩევნო გარემოს დისკრიმინაციას მიზანმიმართულად ახორციელებენ.

ამასთანავე, შტაბის იურისტის გოჩა ავალიანის გამარტებით, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 47–ე მუხლის მოთხოვნები ყველა მაჟორიტარობის კანდიდატისთვის ცნობილია.

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, არჩევნებში მონაწილე სუბიექტის მიერ ამომრჩევლის დაინტერესება ფულადი სახსრებით, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის დაპირება, ამომრჩევლის მოსყიდვად ითვლება.


ამავე თემაზე:

"სასწრაფოდ სიები" - "ოცნების" კანდიდატს ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებენ


"ქართული ოცნების" შტაბი ქუთაისში ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებაზე განცხადებას ავრცელებს

Print