ახალი ამბები
ნიკეას ნაგავსაყრელი ჭოგნარში რეგიონულის გახსნისთანავე დაიხურება
FaceBook
ნიკეას ნაგავსაყრელი ახალი რეგიონული ნაგავსაყრელის ექსპლუატაციაში შესვლისთანავე დაიხურება.  

ამის შესახებ იმსჯელეს, ქუთაისში სასტუმრო "ბესტ ვესტერნში"  მყარი ნარჩენების მართვის პროექტის ექსპერტებმა. 

პროექტი, რომელიც რეგიონში არსებული ნაგავსაყრელების დახურვასთან და ახალი რეგიონული ნაგავსაყრელის გახსნასთან არის დაკავშირებული, ორი წელია რაც მიმდინარეობს და ის კიდევ ორი წელი გაგრძელდება.

პროექტის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ახალი რეგიონული ნაგავსაყრელი, რომელიც ჭოგნარში შენდება, ევროპულ სტანდარტების იქნება.  

"ამ მომენტისათვის იმერეთის რეგიონში ჯერ კიდევ ოთხი ნაგავსაყრელი არის დარჩენილი, რომელიც ჯერ კიდევ არ დახურულა, მიმდინარეობს მუშაობა გარემოს ზემოქმედების შეფასების დოკუმენტზე და მომდევნო ორი-სამი წლის განმავლობაში დაიხურება ის ოთხი ნაგავსაყრელიც და გაიხსნება ახალი", - ამბობს ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის წარმომადგენელი, ბენე ბუსტენი.

მისივე თქმით, ისინი ასევე, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემოს სვანეთის მუნიციპალიტეტებთან ნარჩენების მართვის გეგმების შემუშავებაზე თემატურ ტრენინგებს მართავენ.

თუმცა, ახალი რეგიონული ნაგავსაყრელის აშენებას იქ მცხოვრები მოსახლეობა აპროტესტებს. თერჯოლის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჭოგნარისა რა რამდენიმე სოფლის მცხოვრებლების აზრით, ნაგავსაყრელიდან ნაჟური წლები სასმელ წყალს შეერევა, რაც მოსახლეობის ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედებს. ისინი თვლიან, რომ გარდა ამისა, ნარჩენებს ქარი გადაიტანს და გარემო დაბინძურდება.

ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის წარმომადგენელი, ბენე ბუსტენი კი განმარტავს, რომ მოსახლეობასთან მათ ამ თემაზე შეხვედრები აქვთ და უხსნიან, რომ ნაგავსაყრელზე უსაფრთხოების ზომები უმაღლეს დონეზე იქნება დაცული. 

54 მუნიციპალური ნაგავსაყრელიდან 30-ზე უკვე განხორციელებულია სარეაბილიტაციო სამუშაოები, 21 ნაგავსაყრელი დაიხურა და ხუთი გადამტვირთვი სადგური აშენდა.

ახალი ნაგავსაყრელი 700 000 მოქალაქეს მოემსახურება. პროექტის სრული საინვესტიციო ღირებულება 26 მლნ ევროს შეადგენს, რომლის განხორციელება 2015 წელს დაიწყო და ვარაუდობენ, რომ 2019 წლისთვის დასრულდება.


Print