ახალი ამბები
თურქეთში ქართველი ემიგრანტი მოკლეს - გარდაცვლილს 16 ჭრილობა აქვს მიყენებული
FaceBook
თურქეთში, ანტალიაში 51 წლის ქართველი ემიგრანტი მოკლეს.

შემთხვევა 11 სექტემბერს მოხდა. მოკლული ქართველი ემიგრანტი ანა საფარიანია, რომელიც თურქეთის მოქალაქემ ცივი იარაღით 16 ჭრილობა მიაყენა.

"მკვლელობის მოტივად 400 ლირას ასახელებს რომელიც მისი თქმით ანას ასესხა 1 თვით და 30 დღის გასვლის შემდეგ მოკლა ქუჩაში კუთვნილი თანხის დაბრუნების მიზნით," - წერს საკუთარ ოფიციალურ სოციალურ გვერდზე არასამთავრობო ორგანიზაცია "ემიგრანტების იმედი" ხელმძღვანელი შოთა სიხარულიძე.

მისივე თქმით, გარდაცვლილის ოჯახის მკვლელის დასჯას ითხოვენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთის საელჩოს ინიციატივით შედგა კომუნიკაცია საელჩოს წარმომადგენელსა და ანტალიის პოლიციის წარმომადგენელს შორის, რა დროსაც ქართულ მხარეს დაუდასტურეს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი, ასევე ინფორმაცია დანაშაულში ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ.

"გამოძიებას აწარმოებს თურქული მხარე, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები" - ამბობს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელი, ბელა გომურაშვილი.

მისივე ცნობით, გარდაცვლილის ოჯახს ეცნობა დადგენილი წესის თანახმად. შესაბამისი პროცედურების შემდეგ სამინისტრო განახორციელებს კანონით გათვალისწინებულ ქმედებებს გარდაცვლილის სამშობლოში გადმოსვენებასთან დაკავშირებით.


Print