ახალი ამბები
ქუთაისის მერიასთან არსებულ შრომის მემორიალზე, სავარაუდოდ, ქანდაკებების დემონტაჟი მოხდება
FaceBook
ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ არსებულ მემორიალზე, სავარაუდოდ, ქანდაკებების დემონტაჟი მოხდება.

ფიზიკური პირი, ვახტანგ დავითაია, რომელმაც პროექტის შედგენის უფლება ქუთაისის მერიისგან გამარტივებული შესყიდვის გზით მიიღო, ამბობს, რომ თუ ქალაქის ხელმძღვანელობა თანახმა იქნება, მემორიალზე არსებული ქანდაკებები  განახლდება და მათ ადგილზე 5 სრულიად განსხვავებლი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი კონცეფციის ქანდაკება დაიდგმება.

"თუ ქალაქის ხელმძღვანელობის ნება იქნება, არსებული ქანდაკებები გამოიცვლება. იქ დაინგრევა რამდენიმე კედელიც და განთავსდება თავისუფალი იდეით შექმნილი 5 ახალი ქანდაკება. საერთოდ, ამ მემორიალის კონცეფციაა ასეთი - ყოველ სამ წელიწადში უნდა იცვლებოდეს იქ ქანდაკებები, მაგრამ ადგილობრივი ხელისუფლებები აქამდე ამას ვერ ახერხებდნენ. ჩვენ ვგეგმავთ, რომ 10-20 წელიწადში ქუთაისს სწორედ ამ ადგილზე ჰქონდეს თანამედროვე ქანდაკებების უნიკალური მუზეუმი", - ამბობს ვახტანგ დავითაია.

ქუთაისის მერიამ მემორიალის რეაბილიტაცის პროექტირების მიზნით, გამარტივებულ ელექტრონული შესყიდვაზე (CMR170144587) ხელშეკრულება 2017 წლის 11 აგვისტოს გააფორმა. ხელშეკრულების მიხედვით, ვახტანგ დავითაია შესრულებულ სამუშაოებში 10 000 ლარს მიიღებს.

ვახტან დავითაიამ დასრულებული პროექტი ქუთაისის მერიას ორი კვირის ვადაში უნდა წარუდგინოს, რის შემდეგაც ადგილობრივი თვითმმართველობა მემორიალის რეაბილიტაციისთვის ტენდერს გამოაცხადებს.

Print