ახალი ამბები
"ეს არის მკვდარი სულები და მურღულიას წილები" - გოგი წულაიას ბრალდება ქუთაისის მერს
FaceBook
ქუთაისში, უპატრონო ცხოველთა თავშესაფრის ფუნქციონირებისათვის მიმდინარე წლის 31 აგვისტომდე ცხოველთა საკვებისათვის 114 405 ლარი დაიხარჯა, ხოლო თანამშრომელთა ანაზღაურებაში 151 506-ში.  

ეს ერთ-ერთი საკითხია, რომელსაც "ბურჯანაძე-კუკავას გაერთიანებული გუნდის" ქუთაისის მერობის კანდიდატმა და პარტია "თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გოგი წულაიამ მერიის შენობის  წინ გააპროტესტა.  

მისი თქმით, ბიუჯეტის თანხით აშენდა თავშესაფარი, სადაც გამოყავთ ჯიშიანი ძაღლები და ყიდიან. მის უკმაყოფილებას, ასევე, ის ფაქტი იწვევს, რომ მოქალაქეს ძაღლის თავშესაფარში დატოვების გამო თანხის გადახდა უწევს.

"პრობლემის გადაწყვეტისთვის ნაკლები თანხა არის გამოყოფილი, ვიდრე პრობლემის გადამწყვეტი ადამიანებისთვის, რაც ტრაგედიაა. ეს არის მკვდარი სულები და მურღულიას წილები", - ამბობს გოგი წულაია.

ქუთაისის მერიაში გოგი წულაიას ბრალდებას აბსურდულს და ქუთაისში ძაღლთა თავშესაფარში არსებულ მდგომარეობას საუკეთესოს უწოდებენ.

"ქუთაისში ძაღლების საუკეთესო თავშესაფარია, სადაც ცხოველებს ევრო სტანდარტების მიხედვით უვლიან. ქალაქის მერის მისამართით გამოთქმული ბრალდება არასწორია, რადგან ძაღლების სასტუმროს მომსახურებაში შესული თანხები ბიუჯეტში აისახება. წლების მოუგვარებელი პრობლემა ორი წელია უმაღლეს დონეზეა გადაწყვეტილი. ამ მიმართულებით კითხვების გაჩენა უკვე დიდი აბსურდია", - განმარტავენ მერიის პრესსამსახურში.
Print