ახალი ამბები
იმერეთში მცენარეების შეწამვლა დაიწყება, რომელსაც ფაროსანა ანადგურებს
FaceBook
იმერეთში მცენარეების  შეწამვლა დაიწყება, რომელსაც მავნებელი მწერი ფაროსანა ანადგურებს. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველო კომიტეტის თავმჯდომარე გრიგოლ ლილუაშვილმა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი ქუთაისში ფერმერებთან შეხვედრისას განმარტეს.

მხარეებს შორის განსახილველ თემას აზიური ფაროსანა და მისგან შექმნილი პრობლემა წარმოადგენდა. შეხვედრაზე განმარტეს, რომ სამინისტროს შემუშავებული აქვთ პროგრამა, რომელიც  მავნებელი მწერის განადგურებას ითვალისწინებს.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, პირველ ეტაპზე მოსახლეობაში დაიწყება ბუკლეტების დარიგება და საინფორმაციო შეხვედრები. ასევე,  დაურიგდებათ ქიმიკატები, რომლითაც მცენარეების შეწამვლა მოხდება.

"პრობლემა საკმაოდ სერიოზულია. უზარმაზარი ძალისხმევა იხარჯება სახელმწიფოს მხრიდან, რა თქმა უნდა, დონორი და პარტნიორი ქვეყნების დახმარებით უამრავი ღონისძიება ჩატარდა. ეპიცენტრი არის სამეგრელო და გურია, თუმცა,    მწერმა იმერეთშიც შემოაღწია და სოფლის მეურნეობას დიდი ზიანი მიაყენა. ფაქტიკულად ადამიანები არიან საფრთხის წინაშე, რომ სარჩოს გარეშე დარჩნენ. მოსახლეობაში შეტანილი იქნება პრეპარატები ასევე ჩაუტარდებათ საინფორმაციო ტრენინგები", - განმარტა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგოლ ლილუაშვილმა.

მათი ინფორმაციით, თითოეულ ოჯახს დაურიგდება 1ლიტრი შემწამლავი საშუალება, რომლითაც თავად  მოსახლეობას მოუწევს  სამეურნეო  მოსავლის შეწამვლა.

აზიური ფაროსანა საქართველოში პირველად 2015 წელს გამოჩნდა. ამიტომ საქართველოში მასთან ბრძოლის გამოცდილება ჯერჯერობით არ აქვთ. მავნებლის სამშობლო სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიაა. ამერიკის შეერთბულ შტატებში აზიური ფაროსანა პირველად1973 წელს აღრიცხეს, თუმცა მწერის მავნებლობა მხოლოდ 2001 წელს დაფიქსირდა.

აზიურმა მწერმა  სამეგრელოსა და გურიის რეგიონში თხილის მოსავლის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. თუმცა, თხილის გარდა, ფაროსანა თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის სხვადასხვა სახეობას, კენკროვნებსა და ბოსტნეულ კულტურებს აზიანებს. ის განსაკუთრებულს ზიანს თხილს, ატამს, ვაშლ–ატამას, ვაშლს, მსხალს, ჟოლოს, პომიდორს, წიწაკას, მზესუმზირასა და სიმინდს აყენებს.

"მავნებლის ძლიერი აფეთქების დროს ზარალმა, შესაძლოა, მოსავლის ღირებულების 70%–იც კი შეადგინოს", – ამბობს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი, გიორგი ჯაფოშვილი.


Print