ახალი ამბები
ხონის რაიონში გამოვლენილ ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტზე ექსპერტიზა მიმდინარეობს
FaceBook
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ხონის რაიონის სოფელ ღვედში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინა. 

დეპარტამენტის დასავლეთ საქართველოს სამმართველოს თანამშრომლებმა აღნიშნული ფაქტი მიმდინარე წლის 22 აგვისტოს ხონის რაიონის სოფელ ღვედში გამოავლინეს. 

"ეს იყო დახერხილი, ფიცრად ქცეული ხე-მასალა. ლენტეხისკენ მიმავალ გზაზე, გარკვეული მონაკვეთი წყალტუბოს შემდეგ ხონს ეკუთვნის ადმინისტრაციულად და იქ მოხდა ამ მანქანის გაჩერება. ეს მიმართულება ჩვენს მიერ მაქსიმალურად კონტროლდება", - ამბობს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ საქართველოს სამმართველოს უფროსი, ლაშა ხარაბაძე. 

მისივე ინფორმაციით, ავტომანქანა სასწრაფო დახმარების მანქანის მსგავსი იყო. ხარაბაძის თქმით, სანათი საშუალებები ლურჯი ფერის ჰქონდა, წარწერები კი 112-ის. "მერსედესის" მარკის მიკროავტობუსში მძღოლთან ერთად, ერთი თანხმლები პირი იჯდა. სალონში 3 მ3 დახერხილი ხე-მასალა იყო აღმოჩენილი. 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებით, მძღოლმა ვერ წარმოადგინა ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტი. ხოლო, სპეცსიგნალებსა და სანათ საშუალებებს შსს-ს ნებართვის გარეშე იყენებდა.

ლაშა ხარაბაძის განმარტებით, გამოძიება იმ შემთხვევაში დაიწყება, თუკი ხე-მასალის ღირებულება 10 000 ლარს აღემატება. თუ არ აღემატება მაშინ პირის დაჯარიმება ადმინისტრაციული წესით მოხდება და აღნიშნული ხე-მასალა ჩამოერთმევა. მასალას ექსპერტიზას შემოსავლების სამსახურის ექსპერტები უკეთებენ. 
Print