ახალი ამბები
ხარვეზებით შესრულებული სამუშაოები და ბრალდებები ქუთაისის მერიას
FaceBook
ქუთაისში, სულხან-საბას ქუჩაზე N 37 კორპუსთან მისასვლელი გზა, რომელიც ფილებით გასულ წელს მოაპირკეთეს, რამდენიმე დღის წინ კვლავ აყარეს. კორპუსის მცხოვრებთა თქმით, ადგილზე სამუშაოები თავიდანვე ხარვეზებით შესრულდა, რის გამოც, ყოველი წვიმის დროს ქუჩა იტბორება.

"რამდენჯერ უნდა გააკეთონ ერთი და იგივე? თავიდანვე ცუდად დააგეს. მერე ერთ ადგილზე ტბა რომ დგებოდა, რამდენიმე ფილა ააძვრეს და  წყალი მიწაში ჩაუშვეს, ვითომ სანიაღვრეს მაგივრობას სწევდა, თუმცა პრობლემა მაინც არ მოგვარდა. ახლა ისევ მოვიდნენ და  აყარეს გზა", -ამბობს სულხან-საბას ქუჩის მცხოვრები.

შპს "მიმდემში", რომელმაც აღნიშნული სამუშაოები შეასრულა,  არ უარყოფენ, რომ ნალექის დროს გზაზე წყალი დგება, თუმცა, ამბობენ, რომ ეს არა მათი, არამედ, ქუთაისის მერიის ბრალია, რომელმაც კომპანიას ხარვეზებით შესრულებული პროექტი მიაწოდა. კომპანიის დირექტორი, ზურაბ მიქაძე ამბობს, რომ გასულ წელს, ფილების მოწყობის დროს სანიაღვრე ძველ სისტემაზე დააერთეს, რომელიც წყალს ვერ ატარებდა და ქუჩის დატბორვა სწორედ ამიტომ ხდებოდა.

"ხარვეზებით სამუშაო კი არ იყო შესრულებული, არამედ, პროექტი იყო არასწორად გაკეთებული, რომელსაც მე არ ვამზადებ. ამას უკვეთავს მერია. მე ვიღებ გამზადებულ პროექტს და ვაკეთებ იმის მიხედვით. ის სანიაღვრე არხები, რომელზეც ჩვენ დავაერთეთ მილები იყო ძველი და ნალექის დროს ვერ ატარებდა წყალს. პრობლემა გამოჩნდა მას შემდეგ, როდესაც დავაგეთ, მაგრამ გზა რომ ამეწია, მაშინ ასცდებოდა ავტოფარეხს და ასე ვერ გავაკეთებდი. ადრე მანდ ზღვა დგებოდა, ახლა კი მაქსიმუმ 3 სანტიმეტრიანი წყალი დგება", - ამბობს შპს "მიმდემის" დირექტორი, ზურაბ მიქაძე.

ევალებოდა თუ არა კომპანიას თავიდანვე სანიაღვრე სისტემის შეცვლა ახალი მილებით და რატომ ვერ გაითვალისწინა ქუთაისის მერიამ მოსალოდნელი შედეგები, უცნობია. ადგილობრივ თვითმმართველობაში დამატებით განმარტებებს არ აკეთებენ და ამბობენ, რომ საკითხში კომპეტენტური პირი, მერიის საბინაო სამსახურის უფროსი, ვლადიმერ ნაკაშიძეა, რომელიც მიმდინარე კვირის ჩათვლით მივლინებაში იმყოფება.

შპს "მიმდემის" დირექტორი, ზურაბ მიქაძე ასევე ამბობს, რომ ქუთაისის მერია მას ქუჩაზე მიმდინარე რეაბილიტაციისთვის დამატებით თანხას არ უხდის და აღნიშნულ მისამართზე სამუშაოებს იმ ტენდერის ფარგლებში აკეთებს, რომლითაც მან თავის დროზე ამავე ქუჩის რეაბილიტაციის უფლება მოიპოვა.

სინამდვილეში კი კომპანიას ქუთაისის მერიის მიერ მიმდინარე წლის 19 აპრილს გამოცხადებული 386 573 ლარიანი ტენდერი
(SPA170005840) აქვს მოგებული, სადაც 20 შესაკეთებელი ქუჩის ჩამონათვალში სულხან-საბას N 37-თან მისასვლელი გზაც მოხვდა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით ირკვევა, რომ აღნიშნულ მისამართზე ჩატარებული სამუშაოებისთვის შპს "მიმდემი" 10 966 ლარს მიიღებს. ქუთაისის მერიაში კი განმარტავენ, რომ ტენდერის ფარგლებში თანხის გამოყოფა არა ცხაურებისა და ღვარსადენების, არამედ ამავე ქუჩაზე გზის მომატებისთვის მოხდა.



თუმცა, დამატებით, რამდენ მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას აპირებს აღნიშნული თანხის ფარგლებში "მიმდემი", უცნობია. ზურაბ მიქაძეს ტენდერის შესახებ საუბარი არ სურს.


გზის ის ნაწილი, რომელზეც ფილების მოწყობისთვის შპს "მიმდემი" 10 966 ლარს მიიღებს

სულხან-საბას ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასასრულს უახლოვდება. სანიაღვრეს არხისა და ცხაურების მოწყობის შემდეგ, გზის დაზიანებული ზედაპირი კომპანიამ კვლავ ფილებით უნდა მოაპირკეთოს.

Print