ახალი ამბები
4 სექტემბერს მესხიშვილის თეატრში ვიტალი სამხარაძის სოლო კონცერტი გაიმართება
FaceBook
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში 4 სექტემბერს 20:00 სთ-ზე დაგეგმილია მსოფლიოში ცნობილი მევიოლინეს ვიტალი (იმერელი) სამხარაძის სოლო კონცერტი, რომელშიც ასევე, მონაწილეობას მიიღებს ცნობილი ამერიკელი გარმონისტი ენრიკო გრანაფეი და ბენდი.

ღონისძების მხარდამჭერი: იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია.

ვიტალი სამხარაძე დაიბადა 1953 წლის 22 მარტს  ქუთაისში. მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ვიოლინოს განხრით. ექვსი წლის მანძილზე ნიჭიერთა ათწლედში პედაგოგიური მოღვაწეობის შემდეგ ის დაინტერესდა Gipsy Jazz-ის მიმდინარეობით და ამ მიმართულებით მეტი გამოცდილების მიღების მიზნით გაემგზავრა ფინეთში ქალაქ ტურკუში.

დღეს, ვიტალი სამხარაძე მსოფლიოში აღიარებული, წარმატებული მევიოლინეა, მრავალმხრივი მუსიკოსი, რომელიც უკრავს სხვადასხვა მუსიკალურ სტილში: სვინგი, ფიუჟენი, ფანკი, მოდერნი და ა.შ. ვიტალი სამხარაძე კონცერტებს მართავს მსოფლიოს პრესტიჟულ თეატრებსა და დარბაზებში, მისი კონცერტები ყოველთვის ანშლაგით მიმდინარეობს და მუსიკის კრიტიკოსებისა და მსმენელის აღფრთოვანებას იწვევს.

საზღვარგარეთ ვიტალი სამხარაძე მოღვაწეობს ფსევდონიმით ვიტალი იმერელი. ის არის საქართველოს საპატიო კონსული ფინეთში კულტურის დარგში.
1996 წლიდან ვიტალი სამხარაძე გახლავთ ფინეთის საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციის - GRAMEX-ის წევრი. ის არის 2 მუსიკალური ალბომის ავტორი და მრავალი ალბომის თანაავტორი. მონაწილეობს ევროპის სხვადასხვა ცნობილ ჯაზ-ფესტივალებში.

მისი მოღვაწეობის არეალი საკმაოდ ფართოა: ფინეთი, გერმანია, შვედეთი, ჰოლანდია, რუსეთი, შვეიცარია, დანია, აშშ, თურქეთი, ისრაელი და ესტონეთი. ჰქონდა არაერთი მიწვევა სატელევიზიო და რადიო პროგრამებში. ერთობლივი საკონცერტო გამოსვლები ისეთ ცნობილ მუსიკოსებთან როგორებიც არიან ბილ ევანსი, ბაკი პიზარელი, ფრენკ ვინოლა, კენ პეპლოვსკი, ჯო მორელო, ელიოტ ზიგმუნდი, მარკ სოსკინი, რიჩი კოულის, სტენლი ჯორდანი, რეჯინა კარტერი, ბრაიან ტორფი, ენრიკო გრანაფეი.


Print