ახალი ამბები
საკრებულოს ყოფილი დეპუტატი პატიმრობიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
FaceBook

ქუთაისის საკრებულოს ყოფილმა დეპუტატმა საპატიმრო ვადაზე ადრე დატოვა. ლაშა გვენეტაზე 30 აგვისტოს გაათავისუფლეს.


როგორც ადვოკატმა გიორგი დვალიშვილმა ქუთაისიპოსტს განუცხადა, პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიას ოჯახმა მიმართა. 

"კალენდარულად ლაშას მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს უწევს გათავისუფლება, თუმცა, ჩვენ უკვე მივმართეთ პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიას და ველოდებით პასუხს. ვნახოთ რა იქნება. არ არის გამორიცხული სექტემბრის დასაწყისში უკვე გაათავისუფლონ",- განაცხადა გიორგი დვალიშვილმა ჩვენთან საუბრისას გვენეტაძის გათავისუფლებამდე 1 დღით ადრე. 

ლაშა გვენეტაძეს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 9 თვიანი პატიმრობა მიმდინარე წლის 24 მაისს მიუსაჯა.

საკრებულოს დეპუტატი მის ძმასთან და მეგობართან ერთად პროკურატურამ 2017 წლის 7 თებერვალს დააკავა.

საქმის პროკურორის ნათია კიკვაძის მტკიცებით, მიმდინარე წლის 5 იანვარს, ლაშა გვენეტაძე, მეგობარ შიო ჯანელიძესთან ერთად ტყაბლაძის ქუჩაზე შეხვდა მისი ვარაუდით მამის საფლავის გაძარცვაში ეჭვმიტანილ პირს მ.დ.–ს. მათ მ.დ.–ს განუცხადეს, რომ პოლიციელები იყვნენ და ავტომობილში ჩაისვეს, რის შემდეგაც ლაშა გვენეტაძემ ამოიღო მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, დაშინების მიზნით შუბლზე მიადო მ.დ.–ს და უთხრა, რომ ხმა არ ამოეღო. ამის შემდეგ, ბრალდებულებმა პირი ლაშა გვენეტაძის ძმის, შიო გვენეტაძის კუთვნილ ბინაში, ნიკეას ქუჩაზე გადაიყვანეს. მათ მ.დ.–ს პლასტმასის ღვედით შეუკრეს ხელები, რა დროსაც შიო გვენეტაძემ იმავე იარაღი პირში ჩაუდო მ.დ.–ს და განუმარტა, რომ მანამდე არ გაათავისუფლებდნენ, ვიდრე მოპარული ნივთის ადგილსამყოფელს არ იტყოდა. პროკურორის თქმით, საქმეში დაზარალებულად ცნობილს ბრალდებულები 45 წუთის განმავლობაში სცემდნენ და მხოლოდ მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც იგი აღნიშნული ნივთის დაბრუნებას დაჰპირდა.

ლაშა გვენეტაძეს, ძმასთან და მეგობართან ერთად ბრალი 143-ე მუხლის მე-3 ა და ე ქვეპუნქტით წარედგინა, რაც, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენებით, მუქარით ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავებიდან სამ თვეში გათავისუფლდა ლაშა გვენეტაძის ძმა შოთა გვენეტაძე, ხოლო 5 აგვისტოს საპატიმრო შიო ჯანელიძემ დატოვა.
პატიმრობაში ამ დრომდე მხოლოდ ლაშა გვენეტაძე რჩება.

 

Print