ახალი ამბები
სოფელი წყალტუბოში, სადაც წყლის სისტემის რეაბილიტაციის შემდეგ მილებიდან წყალი არ მოდის (ვიდეო)
FaceBook
წყლის სისტემის რეაბილიტაციაზე დახარჯული 314 999 ლარის მიუხედავად, წყალტუბოს სოფელ ქვილიშორის მოსახლეობამ ზაფხული უწყლოდ გაატარა.

ქვილიშორში მოძველებულ წყლის სისტემას სარეაბლიტაციო სამუშაოები სოფლის მცხოვრებლების მრავალწლიანი მოთხოვნის შედეგად ჩაუტარდა. თუმცა, პრობლემა კვლავ უცვლელია. განახლებული მილებიდან წყლის ნაცვლად მხოლოდ ჰაერი მოდის.

მოსახლეობა წყალს ქალაქ წყალტუბოდან, პრომეთეს მღვიმიდან ან სოფლის მდინარიდან ჭურჭლებით ეზიდება, ზოგჯერ კი ცისტერნებით ყიდულობს.



ქვილიშორში მცხოვრები გურამ ტყაბლაძე გვიყვება, რომ დღის უდიდეს ნაწილს წყლის მოტანას უთმობს. მან, სპეციალურად ამისთვის, ტრაქტორს მისაბმელი გაუკეთა. გურამ ტყაბლაძე სახლში წყალს სხვადასხვა ზომის ჭურჭლით დღეში რამდენჯერმე, 3 კმ-ით დაშორებული პრომეთეს მღვიმის გვირაბიდან ეზიდება. თუმცა, ამბობს, რომ ასე მოტანილი წყალი საკმარისი მაინც არაა. ამიტომ, ოჯახს დამატებით წყლის ყიდვა უწევს.



ტყაბლაძეების მსგავსად ქვილიშორში წყალს თითქმის ყველა ოჯახი ყიდულობს. სამტონიან ცისტერნაში ადგილობრივები 100 ლარს იხდიან.

"სამი ტონა რაში უნდა გვეყოს. 4 შვილი მყავს, დაბანა უნდათ, სარეცხი, საჭმელი. 7 თვის პატარა მყავს და ზოგჯერ წყალი არ მაქვს, რომ დავბანო. არც სტუმარი მიხარია და არაფერი მიხარია ამ უწყლობის გამო," - ამბობს ქვილიშორში მცხოვრები ნელი მამუკიშვილი.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ ზაფხულის ცხელ დღეებში წყლის დონე მდინარეშიც იკლებს. ასეთ დროს ისინი სოფელში მდებარე რესტორან "სტალაქტიდას" მიმართავენ. კვების ობიექტში გაგვიმარტეს, რომ უწყლობის პრობლემა არ აწუხებთ, რადგან საკუთრად რამდენიმე ჭაბურღილი დაამონტაჟეს.

"ჩვენ დიდი ხანია ეს პრობლემა გადავჭერით. ძალიან ძვირი დაგვიჯდა, თუმცა გაგვიმართლა, რომ ამ ადგილზე წყალი აღმოჩნდა. ადამიანს წყალზე უარს როგორ ვეტყვით. მოდიან და მიაქვთ ზოგჯერ ვისაც რამდენი უნდა," -ამბობს რესტორან "სტალაქტიდას" ხელმძღვანელი, ბაქარი ბეშკენაძე.

ქვლიშორში წყლის მილების შეყვანა და გამრიცხველიანება გასული წლის ბოლოს დაიწყო და მიმდინარე წლის თებერვალში დასრულდა. ადგილობრივებს წყლის მიწოდებას სააღდგომოდ დაჰპირდნენ. თუმცა, ამ დრომდე მილებში ჰაერის გარდა არაფერი მოდის. სოფელში 350-მდე ოჯახი იმ დღის მოლოდინშია, როცა ონკანში წყალი წამოვა.

"რად გვინდა ცარიელი მილები, გულის გასახეთქად. აღდგომა კი არა, მარიამობაა და წყალი ჯერ არ წამოსულა," - ამბობენ ქვილიშორელები.

თუ რატომ არ შესრულდა დაპირება ამ დრომდე, სოფლის მოსახლეობას საკუთარი ვერსიები აქვს. ერთ-ერთის თანახმად, მილები ტესტირების დროს დასკდა, რადგან უხარისხო იყო. მეორე ვერსიით კი, შემსრულებელმა კომპანიამ მონტაჟის დროს შეცდომა დაუშვა და მილები უკუღმა დააერთა.

წყალტუბოს გამგეობაში არც ერთ მოსაზრებას არ იზიარებენ. ქალაქის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი, მამუკა მატარაძე ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ სოფელ ქვილიშორში წყლის სისტემის რეაბილიტაციისას გამოყენებული მილები მაღალხარისხნიანია, ხოლო კომპანიამ სამუშაოები დადგენილ ვადებში და ყველა ტექნიკური დეტალის გათვალისწინებით შეასრულა.

ქვილიშორში წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა 413 657 ლარად შეფასებული ტენდერი გასული წლის 23 აგვისტოს გამოაცხადა. მასში შპს "დათო და კომპანიამ" გაიმარჯვა, რომელთანაც ხელშეკრულება 314 999 ლარზე გაფორმდა. ამ თანხის 71% სახელმწიფო ბიუჯეტიდან, დანარჩენი კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით ირკვევა, რომ შპს "დათო და კომპანიამ" სამუშაოები გასული წლის ნოემბერში დაიწყო და მაისში დაასრულა. თუმცა, მოგვიანებით, 2017 წლის 11 ივლისს შპს "დათო და კომპანია", ერთი წლის ვადით, გადამხდელთა შავ სიაში აღმოჩნდა.
არაერთი მცდელობის მიუხედავად, თავად კომპანიის ხელმძღვანელს, დათო დავითულიანს ვერ დავუკავშირდით. მას მობილური ტელეფონი გამორთული აქვს.

ქვილიშორის მოსახლეობის პრობლემის შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტს მივმართეთ. გამგეობაში აცხადებენ, რომ სოფელში მიმდინარეობს წყალის დაერთების სამუშოები და სპეციალურად ამ პრობლემის გამო, წყლისგან სრულიად დაიცლება ცენტრალური ავზი, პარალელურად, სადეზინფექციო სამუშაოებიც ჩატარდება.

მუნიციპალიტეტიდან მიღებული ინფორმაციით, უკვე მოხდა ცენტრალური მაგისტრალის ტესტირება და დადგენილია, რომ ის წყლის გასაშვებად ვარგისია.

"დასრულებულია სამუშაოები. მხოლოდ ტექნიკური მხარეა დარჩენილი. სოფელში წყალი რომ გავუშვათ, უნდა დაიცალოს ცენტრალური ავზი, რაც მთლიანად ქალაქ წყალტუბოსთვის წლის მიწოდების შეზღუდვას გამოიწვევდა. უკვე მივაღწიეთ შეთანხმებას წყალმომარაგების კომპანიასთან, რომ რამდენიმე დღეში დაიცლება ავზი და სამუშაოები ბოლომდე მივა," - განმარტავს წყალტუბოს გამგეობის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი, მამუკა მატარაძე.

ის, ამავე დროს, ჩვენთან საუბარში იწმუნება, რომ ქვილიშორის მოსახლეობას 24 საათიანი წყალმომარაგება უახლოეს დღეებში ექნება.


Print