ახალი ამბები
"დაგვიბრუნონ მიწა" - ქუთაისის მერიას სამ დღიანი ვადა მისცეს
FaceBook
ქუთაისის მერიის წინ შეკრებუილი მოსახლეობა გასხვისებული სკვერის მათ საკუთრებაში დაბრუნებისთვის მერიას ვადას ორშაბათამდე აძლევს.
"წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველანი დავირაზმებით და ორშაბათს მერიასთან მისასვლელ გზას გადავკეტავთ,"- ამბობს ნიკეას ქუჩა N 1 - ში მცხოვრები სალომე ბაკურაძე.

ნიკეას ქუჩა N 1 - ში დევნილთა კორპუსში მცხოვრებლებმა მათი დასახლების წინ ხეების მოჭრა და ტერიტორიაზე დაგეგმილი პოლიკლინიკის მშენებლობა დღეს მერიის წინ გამართული აქციით გააპროტესტეს და მერთან შეხვედრა მოითხოვეს. 

აქციის მონაწილეების განმარტებით, ტერიტორიაზე ვანდალურად მოიჭრა ხე-მცენარეები, რითაც მათ დასასვენებელი ადგილი და ბავშვებისთვის გასართობად განკუთვნილი სივრცე მოუსპეს.

ქუთაისის მერიაში კი აცხადებენ, რომ ტერიტორია რომელიც ორი წლის წინ გასხვისდა არ სარგებლობს სკვერის სტატუსით. ხოლო მესაკუთრეს ხეების მოჭრაზე მათგან ნებართვა არ მიუღია.

"დღეს ადგილზე გავიდა ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახური, რომელიც შეისწავლის არსებულ ვითარებას და თუ კერძო მესაკუთრეს ყველა საჭირო საბუთი არ აქვს მოწესრიგებული, სამსახური მიიღებს შესაბამის ზომებს და მიმართავს სასამართლოს დაჯარიმების მოთხოვნით," - აცხადებენ ქუთაისის მერიაში.

ნიკეაზე მცხოვრებლებს კი საჯარიმო სანქციების გატარება არ აკმაყოფილებს, რადგან ისინი ტერიტორიის დაბრუნებას ითხოვენ.

"აქ უნდა მოწყობილიყო ბავშვებისთვის სათამაშო სტადიონი, ვინაიდან რეკრეაციული ადგილია, ამიტომ დაგვიბრუნონ მიწა, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიკნლინიკის მშენებლობის ნებას არ მივცემთ მესაკუთრეებს," - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აქციის მონაწილეებს, ლოდინის შემდეგ, ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი მალხაზ ბასილაძე შეხვდა, რომელიც მოსახლეობას საკითხის მოკლველას დაჰპირდა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ტერიტორის მესაკუთრე  შოთა წაქაძე გახლავთ.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ნიკეას ქუჩა N 1 - ის ჩრდილოეთ ნაწილი ( 1123.00 კვ.მ) მიწის ფართობი წაქაძის საკუთრებაში 2016 წლის აპრილში დარეგისტრირდა.

ამავე თემაზე:

"ბავშვებს სათამაშო ადგილი წაართვეს" - ხეების მოჭრის გამო ქუთაისში მოსახლეობა ქუჩების გადაკეტვით იმუქრება




Print