ახალი ამბები
საკრებულოს ყოფილი დეპუტატი პატიმრობიდან, შესაძლოა, რამდენიმე დღეში გაათავისუფლონ
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, ლაშა გვენეტაძე, შესაძლოა, პატიმრობიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლონ.
ამის შესახებ ქუთაისიპოსტთან მისმა ადვოკატმა, გიორგი დვალიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ოჯახმა უკვე მიმართა პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიას, რომელმაც გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში უნდა მიიღოს.

"კალენდარულად ლაშას მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს უწევს გათავისუფლება, თუმცა, ჩვენ უკვე მივმართეთ პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიას და ველოდებით პასუხს. ვნახოთ რა იქნება. არ არის გამორიცხული სექტემბრის დასაწყისში უკვე გაათავისუფლონ",- განაცხადა გიორგი დვალიშვილმა.

ლაშა გვენეტაძეს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 9 თვიანი პატიმრობა მიმდინარე წლის 24 მაისს მიუსაჯა.

საკრებულოს დეპუტატი მის ძმასთან და მეგობართან ერთად პროკურატურამ 2017 წლის 7 თებერვალს დააკავა.

საქმის პროკურორის ნათია კიკვაძის მტკიცებით, მიმდინარე წლის 5 იანვარს, ლაშა გვენეტაძე, მეგობარ შიო ჯანელიძესთან ერთად ტყაბლაძის ქუჩაზე შეხვდა მისი ვარაუდით მამის საფლავის გაძარცვაში ეჭვმიტანილ პირს მ.დ.–ს. მათ მ.დ.–ს განუცხადეს, რომ პოლიციელები იყვნენ და ავტომობილში ჩაისვეს, რის შემდეგაც ლაშა გვენეტაძემ ამოიღო მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, დაშინების მიზნით შუბლზე მიადო მ.დ.–ს და უთხრა, რომ ხმა არ ამოეღო. ამის შემდეგ, ბრალდებულებმა პირი ლაშა გვენეტაძის ძმის, შიო გვენეტაძის კუთვნილ ბინაში, ნიკეას ქუჩაზე გადაიყვანეს. მათ მ.დ.–ს პლასტმასის ღვედით შეუკრეს ხელები, რა დროსაც შიო გვენეტაძემ იმავე იარაღი პირში ჩაუდო მ.დ.–ს და განუმარტა, რომ მანამდე არ გაათავისუფლებდნენ, ვიდრე მოპარული ნივთის ადგილსამყოფელს არ იტყოდა. პროკურორის თქმით, საქმეში დაზარალებულად ცნობილს ბრალდებულები 45 წუთის განმავლობაში სცემდნენ და მხოლოდ მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც იგი აღნიშნული ნივთის დაბრუნებას დაჰპირდა.

ლაშა გვენეტაძეს, ძმასთან და მეგობართან ერთად ბრალი 143-ე მუხლის მე-3 ა და ე ქვეპუნქტით წარედგინა, რაც, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენებით, მუქარით ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავებიდან სამ თვეში გათავისუფლდა ლაშა გვენეტაძის ძმა შოთა გვენეტაძე, ხოლო 5 აგვისტოს საპატიმრო შიო ჯანელიძემ დატოვა.
პატიმრობაში ამ დრომდე მხოლოდ ლაშა გვენეტაძე რჩება.

ამავე თემაზე:


საკრებულოს დეპუტატის ლაშა გვენეტაძის ძმა პატიმრობიდან გაათავისუფლეს
რატომ დააკავეს დეპუტატი – რეპორტაჟი სასამართლო პროცესიდან

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი დააკავეს
გაძარცვული საფლავი და დაკავებული დეპუტატი (ფოტო)

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატს პატიმრობის ვადა ერთი თვით გაუხანგრძლივდა


"შეთხზული საქმეა" – საკრებულოს დეპუტატების შეფასება ლაშა გვენეტაძის საქმეზე



Print