ახალი ამბები
ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ საარჩევნო უბნების დაკომპლექტება დაიწყო
FaceBook
ქუთაისის N 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ ქალაქის მასშტაბით საარჩევნო უბნების დაკომპლექტება დაიწყო.
საოქლოს მიერ მიმდინარე წლის 25 აგვისტოს გამოცხადებული კონკურსი, რომლის შედეგადაც საარჩევნო უბნებზე კომისიის წევრები უნდა შეირჩეს, 30 აგვისტოს დასრულდება.

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის თქმით, კონკურსის პარალელურად, მიმდინარეობს საარჩევნო უბნების განთავსების ადგილების შერჩევა.

"გადავედით აქტიურ ფაზაში. მიმდინარეობს საკონკურსო დოკუმენტაციების მიღება, რათა დავაკომპლექტოთ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები, რომლებსაც საოქლო კომისია ირჩევს კონკურსის საფუძველზე. ასევე, ვაზუსტებთ საუბნო საარჩენო კომისიების დისლოკაციების ადგილებს",- განაცხადა ავთანდილ ოსეფაიშვილმა ქუთაისიპოსტთან საუბარში.

ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ თითოეულ საუბნო საარჩევნო კომისიაში 13 წევრიდან 6 თავად უნდა შეარჩიოს, ხოლო დარჩენილ 7 წევრს პოლიტიკური პარტიები დანიშნავენ.

რაც შეეხება საოლქოს შემადგენლობას, ავთანდილ ოსეფაიშვილის თქმით, ის უკვე დაკომპლექტებულია და პირველი სხდომაც ჩატარდა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის 21 ოქტომბერს გაიმართება.

თვითმმართველი ქალაქები მერებს, ხოლო რაიონები გამგებლებს აირჩევენ.

თვითმმართველობის არჩევნებზე ასევე აირჩევენ ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატებს. ქუთაისში სულ 10 სამაჟორიტარო ოლქია, საკრებულოს 15 წევრი კი პროპორციული სისტემით დაინიშნება.
Print