ახალი ამბები
დევნილი ოჯახების სია, რომლებიც ქუთაისში ბინებს მიიღებენ, შესაძლოა დღეს გამოქვეყნდეს
FaceBook
ქუთაისში 429 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცემათ. დევნილთა სამინისტროში აცხადებენ, რომ იმ ოჯახების სიები, ვისაც ქუთაისში ბინები გადაეცემათ, შესაძლოა დღეს გამოქვეყნდეს.

სამინისტროში განმარტავენ, რომ 429 დევნილი ოჯახი აღმაშენებლის გაზირსა და პარლამენტის შენობის მიმდებარედ აშენებულ კორპუსებში გადანაწილდებიან.

"ხვალიდან უკვე, სამი დღის განმავლობაში მინისტრის მადგილეები, დეპარტამენტების ხელმძღვანელები და სამინისტროს წარმომადგენლები იქნებიან ქუთაისში და მიიღებენ ნებისმიერ დევნილს, ვისაც ბინების განაწილებასთან დაკავშირებით პრეტენზია აქვს. ამის შემდეგ დაინიშნება ღია კენჭისყრა, რომლის დასრულებიდან 10 დღის ვადაში მოხდება მონაცემების გადამოწმება," - განმარტეს დევნილთა სამინისტროში.

უწყებაში ვარაუდობენ, რომ დევნილ ოჯახებს ბინების გასაღებები სექტემბრის შუა რიცხვებისთვის გადაეცემათ.

სამინისტრო საცხოვრებელ ბინებს შემდეგი სამი კრიტერიუმის მიხედვით ანაწილებს: სიცოცხლისთვის საშიში ნგრევადი ობიექტები, რომელზეც არსებობს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შესაბამისი დასკვნა, სოციალური ქულები და ადმინისტრაციული ვალდებულება.

დევნილთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სიები ოფიციალური ვებ-გვერდის გარდა, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ტერიტორიულ ორგანოშიც გამოქვეყნდება.


Print