ახალი ამბები
"ფასადზე აკრავენ რელიგიურ სიმბოლიკას"- ქუთაისში მოსახლეობა შენობის მოპირკეთებას აპროტესტებს
FaceBook
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მცხოვრები მოსახლეობის თქმით, კომპანია, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე მრავალსართულიან კორპუსს აშენებს, შენობის ფასადზე რელიგიურ სიმბოლიკას აკრავს.

"აშენდა შენობა და ფასადზე აკრავენ რვაქიმიან ვარსკვლავს, რელიგიურ სომბოლიკას. მისი გაკვრა შუა ქალაქში ჩვენთვის მიუღებელია," - ამბობენ ადდგილობრივები ქუთაისიპოსტთან საუბარში.

მშენებლობის ხელმძღვანელი, თურქეთის მოქალაქე, სელჩუკ ილმაზი ჩვენთან საუბარში ირწმუნება, რომ ფასადის მოსაპიკეთებელ ფილაზე დატანილი სიმბოლო რელიგიური არაა. მისივე თქმით, ეს არის სპეციალური თბოსაიზოლაციო მასალა, რომელიც დამზადებულია თურქეთში.

სელჩუკ ილმაზი ამბობს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ ფასადის ფილები შეიღებება.

საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც ჭავჭავაძის გამზირზე შენდება ცხრასართულიანია და მისი მშენებლობა სამ თვეში დასრულდება.



დაზუსტება: 

მასალის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს, მედიაორგანიზაციას დაუკავშირდა მშენებარე კომპანიის ადმინისტრაცია. მათ განაცხადეს, რომ ნიუსში კომპანიის წარმომადგენლის სახელით გაკეთებული კომენტარი არ იყო სრულყოფილი და აღნიშნული პიროვნებაც არაუფლებამოსილი პირი იყო (თუმცა ის ქუთაისიპოსტის ჟურნალისტებს ერთ-ერთ ხელმძღვანელად გაეცნო).

აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიის ადმინისტრაციამ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დაზუსტება მოითხოვა, მათ განმარტებას უცვლელად გთავაზობთ:

"28.08.2017 წელს ქუთაისიპოსტზე გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქ. ქუთაისში, ი. ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე მშენებარე კორპუსზე გამოყენებული არის რელიგიური ხასიათის მქონე სიმბოლიკა.

გამომდინარე იქედან, რომ მარიამობის დღესასწაული მოქმედი კანონმდებლობით არის დასვენების დღე და შესაბამისად, სამშენებლო კომპანიის ადმინისტრაცია არ მუშაობდა, ვერ იქნა სრულყოფილი პასუხი გაცემული გამოქვეყნებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

მოგახსენებთ, რომ მშენებლობას აწარმოებს საქართველოში რეგისტრირებული ქართული კომპანია - შპს ,,არწივი", რომელსაც ჰყავს თურქი ეროვნების ინვესტორები, ორგანიზაციას დასაქმებული ჰყავს 50-დე საქართველოს მოქალაქე.

რაც შეეხება გარე ფასადზე თურქული რელიგიის სიმბოლიკის გამოყენებას, არ შეესაბამება რეალობას, არის მცდარი მოსაზრება, ვინაიდან მასალა, რომელსაც სამშენებლო ორგანიზაცია იყენებს შეძენილია ქართული კომპანიისგან საქართველოში და არის მოსაპირკეთებელი დეკორატიული ფილა.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არანაირი რელიგიური სიმბოლიკის გამოყენებას კომპანიის მხრიდან ადგილი არ აქვს. მომავალში ნებისმიერი პირის მიერ მსგავსი ცრუ ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში კომპანია ისარგებლებს უფლებით მიმართოს სასამართლოს საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნონების გავრცელებით დამდგარი მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით".

მშენებარე კორპუსის ინჟინერ-კონსტრუქტორი ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ კორპუსზე არსებული მოსაპირკეთებელი მასალა მთელი ბინის და მისი სათავსოების ენერგოეფექტურობას ზრდის, რომელსაც არქიტექტურული ორნამენტების სახე აქვს:

Print