ახალი ამბები
ქუთაისში ქუჩის გათხრისას ნასახლარი, ქვევრები და ადამიანის ძვლები აღმოაჩინეს
FaceBook
ქუთაისში, დვალიშვილის ქუჩაზე წყლის მილების გაყვანისას ძველი შენობის საძირკვლის ნაშთი და რამდენიმე ქვევრი აღმოაჩინეს.

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, შესამჩნევია, რომ შენობა ქვიტკირის იყო. ხოლო ერთ-ერთ ქვევრში მიცვალებულის ნაწილებიც აღმოჩნდა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში გაგვიცხადეს, რომ აღმოჩენილი შენობის ფრაგმენტი მე-5-6 საუკუნეებისაა და ის ბაგრატის ტაძრის კედელს ეკუთვნის, რომელიც მდინარე რიონის სანაპირომდე გადიოდა.

"ქვევრები გვიანი შუა საუკუნეებისაა. რაც შეეხება მიცვალებულის ნაწილებს, შევისწავლით და დადგინდება რომელ საუკუნეს მიეკუთვნება," - განაცხადა ქუთაისიპოსტთან საუბარში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენელმა, როლანდ ისაკაძემ.

დვალიშვილის ქუჩაზე, ღვთისმშობლის ხარების ტაძრის მიმდებარედ, წლის სარეაბილიტაციო სამუშოებს "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ქვეკონტრაქტორი, თურქული კომპანია SMK აწარმოებს.

მოსახლეობა ამბობს, რომ მუშებმა სამუშაოები 2 კვირაზე მეტია მიატოვეს. შეჩერების მიზეზი მათთვის უცნობია.

"გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში" განგვიმატრეს, რომ სამუშაოები კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მოთხოვნით შეჩერდა.

"სააგენტოს წარმომადგენლები გაწმენდენ შენობის საძირკველს, რის შემდეგაც წყლის სისტემის რეაბილიტაცია გაგრძელდება. ჩვენი რეკომენდაციით, ახალი წყლის მილები ისე უნდა ჩაიყაროს, რომ საძირკველს რაიმე ზიანი არ მიადგეს," - განაცხადა როლანდ ისაკაძემ.

მისივე თქმით, აღმოჩენილი შენობის საძირკვლის გაწმენდა და გასუფთავება ხვალიდან დაიწყება. 





Print