ახალი ამბები
"ნუ მოჭრით თავს ქალაქს" - ქუთაისში თვითნებურ ნაგავსაყრელებს ასუფთავებენ
FaceBook
ქუთაისში თვითნებურ ნაგავსაყრელად ქცეული სანაპირო ზოლი იწმინდება.

მდინარე რიოინის დაბინძურებული სანაპირო წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან ჯაჭვის ხიდამდე  დასუფთავების  30-მდე თანამშრომლისა და სპეცტექნიკის დახმარებით სუფთავდება.

აქცია სლოგანით "ნუ ნააბინძურებ გარემოს" ქუთაისის ააიპ სპეციალური სერვისების მიერ ხორციელდება.

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ამ ადგილების დაგვა-დასუფთავება მათ მოვალეობაში არ შედის, თუმცა აქცია ტერიტორიაზე არსებული ანტისანიტარიის გამო მოაწყვეს.

"იცელება ბალახები და იწმინდება სანიაღვრე არხები, ასევე გაგვაქვს მოსახლეობის მიერ დაყრილი საყოფაცხოვრებო ნარჩენები ტერიტორიიდან," - ამბობს ააიპ სპეციალური სერვისების საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, გიორგი მჟავანაძე.

მისივე თქმით, ააიპ სპეციალური სერვისები თვითნებურ ნაგავსაყრელად ქცეული სხვა ტერიტორიების დასუფთავებასაც გეგმავს, რადგან არსებული მდგომარეობა ქუთაისის რეპუტაციას აზარალებს.

"გვინდა ღირსეულად შევხვდეთ ტურისტულ სეზონს და ქალაქი სუფთა იყოს. ამიტომ მოვუწოდებთ თანაქალაქელებს, ნუ მოჭრით თავს ქალაქს ტურისტების თვალში, გავუფრთხილდეთ ბუნებას, რადგან აქ ყველანი ერთად ვცხოვრობთ, საჭიროა მივეჩვიოთ სამოქალაქო კულტურას, ამიტომ ნაგავი ქუჩაში აღარ უნდა დაიყაროს, " - აცხადებენ ააიპ სპეციალურ სერვისებში.

ქუთაისში ჯაჭვისა და წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარე რიონის სანაპირო ხშირად ბინძურდება, რაშიც თავად ადგილობრივები სანაპიროსთან არსებული რესტორნების თანამშრომლებს ადანაშაულებდნენ.

ქუთაისში მდინარე რიონის დაბინძურებული ნაპირების გაწმენდა მიმდინარე წელს ქუთაისის საკრებულოს ერთ-ერთ სხდომაზე, დეპუტატებს შორის მსჯელობის საგანი გახდა.

ამავე თემაზე :

მდინარე რიონის სანაპირო დაბინძურებულია - მოსახლეობა რესტორანს ადანაშაულებს (ფოტო)

როდემდე ავიტანოთ ნაგავი? - ქუთაისის მერიის წარმომადგენლებს დასუფთავების აქციის მოწყობა შესთავაზეს


Print